Thumbnail

ნახეთ: მარსზე მდებარე მზის სისტემის უდიდესი კანიონის ახალი ფოტოსურათები

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ 2006 წელს მარსის ორბიტაზე გაშვებულ ავტომატურ კოსმოსურ სადგურზე დამონტაჟებულმა მაღალი გარჩევადობის კამერამ HiRISE ჩვენი მზის სისტემის უდიდესი, მარინერის ხეობის სახელით ცნობილი კანიონთა კომპლექსის ახალი სურათები გადაიღო. ფოტომასალა აშშ-ის არიზონის უნივერსიტეტის კუთვნილ ვებგვერდზე გავრცელდა.

► ნახეთ: ამ ვიდეოს საშუალებით მარსზე მდებარე ყინულით სავსე კრატერს გადაუფრენთ

მარინერის ხეობა წითელი პლანეტის ეკვატორის გასწვრივ 4 ათასი კილომეტრის მანძილზეა გადაჭიმული, რაც ციური სხეულის გარშემოწერილობის თითქმის მეოთხედს უტოლდება. მისი სიგანე 20 კილომეტრს, სიღრმე კი 7 კილომეტრს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მარსის ზედაპირზე არსებული ხეობათა უზარმაზარი სისტემა აშშ-ის არიზონის შტატში მდებარე დიდ კანიონს, რომელშიც მდინარე კოლორადო მიედინება, სიგრძით თითქმის ათჯერ აღემატება და მასზე სამჯერ უფრო ღრმაა. ამ უკანასკნელის სიგრძე 446 კილომეტრია, სიღრმე 1,857 მეტრი, ხოლო სიგანე 6-დან 29 კილომეტრამდე მერყეობს.

HiRISE-ის მიერ დაფიქსირებული მარინერის ხეობის სახელით ცნობილი კანიონთა სისტემა პლანეტა მარსზე

ფოტო: NASA

HiRISE-ის მიერ დაფიქსირებული მარინერის ხეობის სახელით ცნობილი კანიონთა სისტემა პლანეტა მარსზე

ფოტო: NASA

► მეცნიერებმა მარსზე უძველესი მდინარეების არსებობის მტკიცებულება მოიპოვეს

დიდი კანიონისგან განსხვავებით, რომელიც 5-6 მილიონი წლის წინ წყლის ძლიერი დინებით გამოწვეული ქანების რღვევის შედეგად ჩამოყალიბდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ წითელი პლანეტის ზედაპირზე ნაპრალების გაჩენა წყალუხვ მდინარეს უკავშირდებოდეს. თუმცა, ევროპის კოსმოსურ სააგენტოში (ESA) მომუშავე მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ მარინერის ხეობაში უკვე არსებული არხები ასობით მილიონი წლის წინ ციურ სხეულზე გამდინარე წყლის ნაკადს კიდევ უფრო გაეღრმავებინა. რაც შეეხება ბზარების ფორმირებას, მათივე განმარტებით, ეს გაცილებით ადრე, რამდენიმე მილიარდი წლის წინ უნდა მომხდარიყო. ამის მიზეზად კი სპეციალისტები ვულკანების ამოფრქვევას ასახელებენ, რომლის შედეგად გამოტყორცნილმა მაგმამ პლანეტის ქერქის დასკდომა, ქანების რღვევა და ხეობების წარმოქმნა განაპირობა.

მეცნიერთა განცხადებით, მსგავსი მაღალი გარჩევადობის სურათების ანალიზი ჩვენი მზის სისტემის კანიონთა უდიდესი კომპლექსის ფორმირების, ასევე, მისი წარმოქმნის განმაპირობებელი ფაქტორების დადგენაში დაგვეხმარება.

კომენტარები

ბოლო ამბები