Thumbnail

მეცნიერებს კოსმოსში ყინულისგან დამზადებული რობოტის გაგზავნა სურთ

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე პენსილვანიის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში GRASP მომუშავე მეცნიერები ყინულისგან რობოტის შექმნას ცდილობენ. მათი თქმით, ეს ისეთი ექსტრემალური პირობების მქონე ადგილების შესწავლაში დაგვეხმარება, როგორიცაა ანტარქტიდა ან მზის სისტემის ყინულის გიგანტებად წოდებული პლანეტები - ნეპტუნი და ურანი.

NASA მარსზე რობოტი ძაღლის გაგზავნას გეგმავს

ამერიკელმა მკვლევრებმა ინოვაციური იდეა ჭკვიანი რობოტებისა და სისტემების ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინეს. მათი მიზანი ყინულის გამოყენებით ისეთი მოწყობილობის შექმნაა, რომელიც სხვადასხვა სტრუქტურული კომპონენტის, მაგალითად, ბორბლის დაზიანების შემთხვევაში, მის ხელახლა მოდიფიკაციასა და აღდგენას დამოუკიდებლად უზრუნველყოფს. მეცნიერთა განცხადებით, ამგვარი რობოტის დამზადება, როგორც სამგანზომილებიანი პრინტერით, ასევე სპეციალური ელექტრო-მექანიკური დანადგარითაა შესაძლებელი.

 

იდეის ავტორებმა IceBot-ის სახელით ცნობილი რობოტის პროტოტიპი უკვე ააგეს. მისი ძირითადი დეტალები ყინულისგან თითქმის მთლიანად ხელითაა გამოჭრილი და ჯამში 6,3 კილოგრამს იწონის. სადემონსტრაციო ვიდეო გვიჩვენებს, რომ მოწყობილობა თავისუფლად გადაადგილდება და ოთახის ტემპერატურაზე სწრაფად არ ლღვება. ამჟამად მეცნიერთა მთავარი ამოცანა მისი თვითშეკეთების ფუნქციით უზრუნველყოფაა. ასევე, მნიშვნელოვანია ყინულის ბლოკებთან ამძრავების მჭიდროდ მიერთებაც, რათა მათი კავშირის სიმტკიცე მაქსიმალურად გაიზარდოს.

ნახეთ: ამერიკელმა მეცნიერებმა რობოტი-კალმარი შექმნეს

მკვლევართა თქმით, IceBot წარმატებით იფუნქციონირებს დაბალი ტემპერატურის მქონე გარემოში, სადაც საკმარისი სიცივეა იმისთვის, რომ ყინულმა თავდაპირველი მდგომარეობა ხანგრძლივად შეინარჩუნოს და რობოტის მიერ გამოყოფილმა სითბომ მისი ლღვობა არ გამოიწვიოს. ასეთი პირობები გვხვდება არა მხოლოდ დედამიწაზე, კერძოდ, ანტარქტიკის რეგიონში, არამედ ჩვენს მეზობელ პლანეტებსა და მათ ბუნებრივ თანამგზავრებზეც, რომელთა შესასწავლად IceBot-ის გაშვება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი და იაფი გზა იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები