Thumbnail

ჩინეთში მყინვარს დნობის შესაჩერებლად თერმოსაიზოლაციო ქსოვილი გადააფარეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიაში მომუშავე მკვლევრებმა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე სიჩუანის პროვინციაში განლაგებულ მყინვარ დაგუს დნობის პროცესის შესაჩერებლად სპეციალური თერმოსაიზოლაციო ქსოვილი გადააფარეს. ექსპერიმენტმა ამ ინოვაციური მეთოდის ეფექტიანობა აჩვენა და დაამტკიცა, რომ მისი მეშვეობით გლობალური დათბობით გამოწვეულ მსგავს პრობლემებთან გამკლავებაა შესაძლებელი.

გრენლანდიაზე ყინული გასულ 12 ათას წელთან შედარებით უფრო სწრაფად დნება

მეცნიერებმა მყინვარის დასაცავად გეოტექსტილის სახელით ცნობილი მატერია გამოიყენეს, რომელიც გარემოსთვის უსაფრთხოდ მიიჩნევა, სითბოს არ ატარებს და სინათლეს ირეკლავს, რაც მის ქვეშ არსებული ტემპერატურის მაქსიმალურად შენარჩუნებას უზრუნველყოფს. სპეციალისტებმა აღნიშნული ქსოვილით 500 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე არეალი დაფარეს, დაახლოებით 2 თვე-ნახევრის შემდეგ კი აღმოაჩინეს, რომ მისი დახმარებით ყინულის საფარი იქ, სხვა ადგილებთან შედარებით, 1 მეტრით უფრო მაღალი იყო.

თერმოსაიზოლაციო ქსოვილმა ყინულის საფარის დნობა წარმატებით შეაფერხა. ფოტო: The Nation

მკვლევართა განცხადებით, მათი ექსპერიმენტი თერმოსაიზოლაციო ქსოვილის პოტენციალს უსვამს ხაზს და ადასტურებს, რომ მას მზის გამოსხივების შეკავება და სითბური ენერგიის დარეგულირება შეუძლია ისე, რომ ამ უკანასკნელმა ყინულის ზედაპირამდე ვერ ჩააღწიოს. ისინი აღნიშნავენ, რომ მთავარი ყურადღება დნობის გამომწვევი მიზეზების ძიებიდან თავად ამ პრობლემის მოგვარებაზე უნდა გადავიტანოთ, რადგან ჩვენი ჩარევის გარეშე განსაკუთრებით მცირე ზომის მყინვარებს უახლოეს მომავალში გაქრობა ემუქრება.

გაერო: 2100 წლისთვის დედამიწაზე ტემპერატურა, შესაძლოა, 3°C-ით გაიზარდოს

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინელი მეცნიერები თერმოსაიზოლაციო ქსოვილის გამოყენებას ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე სხვა მყინვარებზეც გეგმავენ. მნიშვნელოვანია, რომ მათ ნაწილზე კლიმატის ცვლილებამ უარყოფითი გავლენა უკვე მოახდინა. მათ შორის, ისეთ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებზე, რომელთა დაკარგვაც ქვეყნისთვის ძალზე დამაზარალებელი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები