Thumbnail

ცერერას ორბიტაზე საცხოვრებლად განკუთვნილი თანამგზავრის მშენებლობას განიხილავენ

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ქალაქ ჰელსინკიში მდებარე ფინეთის მეტეოროლოგიურ ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერი, პეკა იანჰუნენი ასტეროიდული ტიპის ჯუჯა პლანეტა ცერერას ორბიტის გარშემო ადამიანების მუდმივ საცხოვრებლად განკუთვნილი ხელოვნური თანამგზავრების სისტემის მშენებლობის შესაძლებლობას განიხილავს. მისი ნაშრომი სამეცნიერო პორტალზე arXiv გამოქვეყნდა.

ჯუჯა პლანეტა ცერერაზე მიწისქვეშა ოკეანე აღმოაჩინეს

პეკა იანჰუნენის განცხადებით, ჩვენს მზის სისტემაში მდებარე ცერერას გარშემო თანამგზავრების სისტემის ასაგებად თავად ამ ციური სხეულის ზედაპირზე მოპოვებული მასალა უნდა იქნას გამოყენებული. მისივე თქმით, აღნიშნული გეგმის განსახორციელებლად ჯუჯა პლანეტა მასზე არსებული წყლის მარაგისა და აზოტის გამო უნდა შეირჩეს. ამ უკანასკნელმა, შესაძლოა, ცერერაზე დედამიწის მსგავსი ატმოსფეროს ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი. ამის გარდა, მკვლევარი არ გამორიცხავს, რომ იქ სიცოცხლისთვის იმაზე უკეთესი გარემო შეიქმნას, ვიდრე ამჟამად ჩვენს პლანეტაზეა. ამის მიზეზად იანჰუნენი ხელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებსა და ბუნებრივი კატაკლიზმების სიმცირეს ასახელებს.

ასეთი იქნება ჯუჯა პლანეტა ცერერას გარშემო მოძრავი ხელონური თანამგზავრების სისტემა კომპიუტერული სიმულაციის მიხედვით. ფოტო: Pekka Janhunen

ფინელი მეცნიერის განმარტებით, ცერერას ორბიტაზე მოძრავი დისკის ფორმის მოდული მცირე ზომის სატელიტებისგან იქნება შედგენილი, რომლებიც ერთმანეთს მიზიდულობის ძალის საშუალებით გადაებმება. თანამგზავრთა კომპლექსის ციური სხეულის გარშემო ბრუნვის შედეგად კი იქ დედამიწის მსგავსი გრავიტაცია წარმოიქმნება. ამის გარდა, თითოეული სატელიტი ჩვენი მზის სისტემის ფარგლებში გადაადგილებასაც შეძლებს.

ილონ მასკი: ადამიანები მარსზე შუშის გუმბათებში იცხოვრებენ

ავტორი ნაშრომში კოსმოსური გამოსხივებისა და მეტეორიტებისგან მომავალი საფრთხის თავიდან აცილებაზეც ამახვილებს ყურადღებას. იანჰუნენის აზრით, ამ პრობლემის გადასაჭრელად თანამგზავრების სისტემის გარშემო ცილინდრული სარკეები უნდა დამონტაჟდეს, რაც, ერთი მხრივ, მზის სხივების შეგროვებისა და მოდულისკენ მიმართვის შესაძლებლობას მოგვცემს, მეორე მხრივ კი, ამ უკანასკნელს მეტეორიტების შეჯახებისგან დაიცავს. მეცნიერის განცხადებით, ცერერას გარშემო მსგავსი კომპლექსის განთავსება საუკეთესო გზაა კაცობრიობისთვის დედამიწის მიღმა დამატებითი საცხოვრებელი სივრცის შესაქმნელად.

კომენტარები

ბოლო ამბები