Thumbnail

ნახეთ: იტალიაში კოვიდ-კლინიკის ავტოსადგომზე 20-მეტრიანი ღრმული გაჩნდა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

იტალიის ქალაქ ნეაპოლის ერთ-ერთი საავადმყოფოს ავტოსადგომზე დაახლოებით 2 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის ასფალტი ჩაინგრა, რის შედეგადაც იქ 20 მეტრამდე სიღრმის ორმო გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, ნანგრევებში კი მხოლოდ სამი ავტომანქანა მოყვა. კლინიკიდან, რომელშიც COVID-19-ით დაავადებულები მკურნალობენ, პაციენტების სასწრაფო ევაკუაცია მოხდა.

ნახეთ: ციმბირში 50-მეტრიანი ღრმული გაჩნდა

ადგილობრივი სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ღრმულის გაჩენას ბოლო დროს მოსულ ძლიერ წვიმებს უკავშირებენ, რის შედეგადაც მიწაში ჩაჟონილმა წყალმა ნიადაგის ფენების რღვევასა და ასფალტის ჩავარდნას შეუწყო ხელი. თუმცა, სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლები და პაციენტები აცხადებენ, რომ მათ ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს, რომელიც თავდაპირველად ნეაპოლის აღმოსავლეთით მდებარე მოქმედი ვულკანის, ვეზუვის ამოფრქვევა ეგონათ. რის გამოც, იტალიური მედიის ცნობით, განიხილება ავტოსადგომის ქვეშ გამავალი ბუნებრივი აირის მილის დაზიანების ვერსიაც. მომხდარის გამომწვევი ზუსტი მიზეზი გამოძიების შემდეგ გახდება ცნობილი.

იტალიის ქალაქ ნეაპოლში გაჩენილი ღრმული

ფოტო: Ciro Fusco

იტალიის ქალაქ ნეაპოლში გაჩენილი ღრმული

ფოტო: The Telegraph

იტალიის ქალაქ ნეაპოლში გაჩენილი ღრმული

ფოტო: Napoli Today

იტალიელმა ჟურნალისტებმა გასული წლის აპრილში მომხდარი შემთხვევა გაიხსენეს, როდესაც მიწა რომის პანთეონის წინ ჩავარდა და 2,5-მეტრი სიღრმის ორმო წარმოიქმნა. მაშინ ამის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კარანტინის გამო მოედანზე ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები არ იმყოფებოდნენ. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით იქ არქეოლოგებმა შვიდი მოსაპირკეთებელი ფილა აღმოაჩინეს, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის I საუკუნეთი დაათარიღეს.

სპეციალისტების განმარტებით, აპენინის ნახევარკუნძულზე განლაგებული სახელმწიფოს ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების მიერ ჯერ კიდევ უძველეს ხანაში გაყვანილმა გვირაბებმა და სხვა მიწისქვეშა ნაგებობებმა ნიადაგი არამდგრადი გახადა, რაც განსაკუთრებით ძლიერი წვიმების დროს იჩენს ხოლმე თავს. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მონაცემებით, მხოლოდ ქვეყნის დედაქალაქ რომში მიწის ჩავარდნის შედეგად 175 ღრმული წარმოიქმნა.

კომენტარები

ბოლო ამბები