Thumbnail

სინგაპურში ქალს, რომელმაც კოვიდ-კონტაქტი დამალა, 5-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

სინგაპურში მცხოვრებ დიასახლისს, რომელსაც 2020 წლის დასაწყისში კორონავირუსი დაუდასტურდა, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისთვის მეგობარ მამაკაცთან შეხვედრების შესახებ ინფორმაციის განზრახ დამალვის გამო 5-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 65 წლის ოუ ბი ჰაიოკის განცხადებით, მასთან კონტაქტის მქონე პირების გამოსავლენად მისული ეპიდემიოლოგების მოტყუება გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად გადაწყვიტა, რათა ქმარსა და ოჯახის სხვა წევრებს არ ეფიქრათ, რომ ქალს 71 წლის ლიმ კიენ ჰონგთან რომანტიკული ურთიერთობა აკავშირებდა.

ნახეთ: აშშ-ში ქალს დათვის გამოკვებისთვის პატიმრობა ემუქრება

ოუ ბი ჰაიოკს COVID-19-ის დიაგნოზი სინგაპურის ზოგადი პროფილის საავადმყოფოში 26 თებერვალს დაუსვეს. ცნობილია, რომ კორონავირუსი მას ქალაქის ერთ-ერთ რესტორანში ჩინური ახალი წლის აღსანიშნად გამართულ წვეულებაზე გადაედო, სადაც სულ 47 ადამიანი დაავადდა. მალევე გაირკვა, რომ ინფიცირების შემდეგ ქალი თავის მეგობარს, ლიმ კიენ ჰონგს არაერთხელ შეხვდა, თუმცა ამის შესახებ ეპიდემიოლოგებს არაფერი შეატყობინა.

რესტორნის დარბაზი, სადაც ჩინური ახალი წლის აღნიშვნისას 65 წლის ოუ ბი ჰაიოკს კორონავირუსი გადაედო.

სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, ოუ ბი ჰაიოკისა და მისი მეგობარი მამაკაცის საიდუმლო შეხვედრები პარკირების ზონაში განთავსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებისა და სატელეფონო საუბრების ამონაწერის შემოწმებისას გამოააშკარავეს. თავად ქალმა კი მოგვიანებით აღიარა, რომ თავის მეგობარ მამაკაცს, რომელსაც კორონავირუსი 20 მარტს დაუდასტურდა, როგორც წესი, კვირაში ორჯერ ნახულობდა, როცა ქმარი ბადმინტონის სათამაშოდ იყო წასული.

იტალიაში ტურისტი პლაჟიდან ქვიშის მოპარვისთვის დააჯარიმეს

ახლახან გამართულ პროცესზე მოსამართლემ ოუ ბი ჰაიოკის ქმედებას ეგოისტური უწოდა და მას პანდემიასთან ბრძოლისთვის ხელის შეშლაში დასდო ბრალი. განაჩენის თანახმად, ქალი ციხეში 5 თვეს გაატარებს, თუმცა ადგილობრივი მედიის ცნობით, 65 წლის სინგაპურელი დიასახლისი, რომელიც ინფორმაციის დამალვის ერთადერთი მიზეზად ოჯახის წევრთა უსაფუძვლო ეჭვებისა და ამასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან არიდების სურვილს ასახელებს, დაკისრებული სასჯელის გასაჩივრებას აპირებს. ​​​​თანაც, ადვოკატების განცხადებით, ლიმ კიენ ჰონგს კორონავირუსი მისგან არ გადასდებია.

კომენტარები

ბოლო ამბები