Thumbnail

იაპონელებმა კორონავირუსის პანდემიის დასრულებისთვის ყინულიან აუზში ილოცეს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მდებარე ტეპოზუ ინარის სახელით ცნობილ ტაძარში უძველესი ადგილობრივი რელიგიის, შინტოიზმის მიმდევრებმა ყინულიან წყალში სულის განწმენდის რიგით 66-ე რიტუალი ჩაატარეს და მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის დასრულებისთვის ილოცეს.

პრაღაში კარანტინის დასრულება 500-მეტრიან მაგიდასთან ვახშმით აღნიშნეს

ტრადიციული ცერემონია, რომელშიც, როგორც წესი, ასამდე მორწმუნე მონაწილეობს, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო წელს მხოლოდ თორმეტმა ადამიანმა შეასრულა. ღონისძიებაზე მაყურებლების დასწრება აკრძალული იყო, მონაწილეებს კი დამაცავი ნიღბები ეკეთათ. სპეციალური ვარჯიშებით ორგანიზმის გახურებისა და გალობის შემდეგ, ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ცხრა მამაკაცი და სამი ქალი ღია ცის ქვეშ განლაგებულ, ცივი წყლითა და ყინულით სავსე აუზში ჩავიდა და ლოცვა აღავლინა. ამ დროს იაპონიის დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა 5 °C იყო.

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართული ტრადიციული რიტუალის მონაწილეები კორონავირუსის პანდემიის დასრულებისთვის ლოცულობენ. ფოტო: Kim Kyung-Hoon

"ვილოცეთ, რომ კორონავირუსის პანდემია რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ჩვეულებრივ, რიტუალში ბევრი ადამიანი იღებს მონაწილეობას, რის გამოც აუზში წყლის ტემპერატურა მცირედით იმატებს, მაგრამ წელს მხოლოდ თორმეტნი ვიყავით და ისიც გაცილებით ცივი იყო", - განაცხადეს ცერემონიის მონაწილეებმა მედიასთან საუბარში.

იაპონიის მთავრობამ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო 7 იანვარს ტოკიოსა და მის მეზობლად მდებარე პრეფექტურებში, სადაც საერთო ჯამში ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 30 პროცენტი ცხოვრობს, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, აღმოსავლეთ აზიის კუნძულოვან სახელმწიფოში COVID-19-ით დაავადება 290 ათასამდე მოქალაქეს დაუდასტურდა, რომელთაგან ვირუსს დაახლოებით 4 ათასი ემსხვერპლა.

კომენტარები

ბოლო ამბები