ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) ჩვენი პლანეტის გარშემო მოძრავი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ეკიპაჟის მიერ 2020 წელს დედამიწისთვის გადაღებული საუკეთესო ფოტოსურათები გამოავლინა.
► ნახეთ: სატელიტიდან დანახული მოვლენები, რომლებმაც 2020 წელი განსაზღვრეს
ასტრონავტების მიერ 400 კილომეტრზე მეტი სიმაღლიდან დაფიქსირებული შთამბეჭდავი კადრები ჯონსონის სახელობის კოსმოსურმა ცენტრმა გაავრცელა. NASA-ს რჩეულ სურათებს შორისაა დედამიწის ორბიტაზე მყოფი სადგურიდან დანახული ღამის პარიზი, ჩრდილოეთ ამერიკის დიდი ტბები, ინდოეთის ოკეანეში განლაგებული ყველაზე შორეული კუნძულები და სხვა.
2020 წელს გადაღებული დედამიწის საუკეთესო სურათები
415 კილომეტრი სიმაღლიდან გადაღებულ ფოტოზე ღრუბლებით შემოსაზღვრული კარიბის ზღვის კუნძულები მოჩანს. სურათზე კუბას, იამაიკას, სამხრეთ ფლორიდასა და ბაჰამის კუნძულებსაც ვხედავთ. ამ უკანასკნელის გარშემო არსებული ფირუზისფერი წყალი კი ოკეანის მუქ ლურჯ ფერებთან ქმნის კონტრასტს, რაც ოკეანის ენად წოდებული 4,300 მეტრი სიღრმის მქონე წყალქვეშა კანიონის ფორმას გამოკვეთს.

2020 წელს გადაღებული დედამიწის საუკეთესო სურათები
სამხრეთ-დასავლეთ ქვინსლენდის თავზე 426 კილომეტრი სიმაღლიდან დანახული მდინარე კუპერ კრიკის მიმდებარე ჭალა, რომელიც ზოგან 50 კილომეტრზეა გადაჭიმული და წყალმარჩხი არხების სისტემას აერთიანებს. ეს ტერიტორია, რომელზეც მოგრძო დიუნებსაც ვხვდებით, წყლის ფრინველთა საცხოვრებელ არეალად მიიჩნევა და მოწითალო შეფერილობისაა, რისი მიზეზიც იქ არსებული კვარცის მარცვლების რკინის გარსის მიერ დატოვებული ნაკვალევია. ბოლო დროს აღნიშნულ რეგიონში კლიმატი შეიცვალა და მეტად ნესტიანი გახდა, გაიზარდა მცენარეთა რაოდენობაც, რამაც ქვიშის გორებზე წყლისა და ქარის გავლენა შეამცირა.

2020 წელს გადაღებული დედამიწის საუკეთესო სურათები
417 კილომეტრი სიმაღლიდან გადაღებულ სურათზე ხმელთაშუა ზღვაში მდებარე კორსიკისა და სარდინიის კუნძულები მოჩანს, რომელთა მთიან ლანდშაფტზე განლაგებული ტბები მზის სხივებს ირეკლავს. სარდინიის სამხრეთით ტუნისისა და ალჟირის სანაპიროებია, რომლებიც ადგილობრივი კლიმატის გამო მუქადაა შეფერილი, ჰორიზონტიკენ კი საჰარის უდაბნოა გადაჭიმული.

2020 წელს გადაღებული დედამიწის საუკეთესო სურათები
413 კილომეტრი სიმაღლიდან დანახული მტვრის უზარმაზარი ღრუბელი, რომელიც ხმელთაშუა ზღვასა და კვიპროსს ფარავს. მისი მეშვეობით წყლის ზედაპირზე მობინადრე მიკრობებს საკვები ნივთიერებები გადაეცემა. დასავლეთით, საჰარის უდაბნოს თავზე, დედამიწის ჰორიზონტის მაღლა მთვარე მოჩანს.

2020 წელს გადაღებული დედამიწის საუკეთესო სურათები
ასეთია კანადის დედაქალაქი ოტავა 411 კილომეტრი სიმაღლიდან. დასავლეთით გატინოს პარკი მდებარეობს, რომელსაც იქ არსებული ნეკერჩხლის ხეები ნარინჯისფერ-წითელ შეფერილობას აძლევს, ჰიკორის მცენარეები კი მას ოქროსფერსა და ბრინჯაოსფერს უმატებს. ამ პერიოდს შემოდგომის რაფსოდიის სახელით მოიხსენიებენ. ქალაქში სამი მდინარე ერთდება, ესენია: გატინო, ოტავა და რიდოს არხი.

2020 წელს გადაღებული დედამიწის საუკეთესო სურათები
ეს ფოტო 415 კილომეტრი სიმაღლიდანაა გადაღებული და ჩრდილოეთ ამერიკის დიდ ტბებს გვიჩვენებს, რომელთა ზედაპირი, როგორც წესი, თებერვლიდან მარტამდე პერიოდში იყინება. კანადისა და აშშ-ის საზღვარი ჰურონის, ერის, ონტარიოსა და ზემო ტბის შუაშია გავლებული. წინა წელს ყინულით ამ ტერიტორიის მხოლოდ 22 პროცენტი იყო დაფარული, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

2020 წელს გადაღებული დედამიწის საუკეთესო სურათები
426 კილომეტრი სიმაღლიდან გადაღებულ სურათზე ინდოეთის ოკეანის სამხრეთ ნაწილში განლაგებულ კერგელენის არქიპელაგს ვხედავთ. მასში შემავალი კუნძულები დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე იზოლირებულ ადგილებადაა მიჩნეული, რასაც მათი კონტინენტებისგან მოშორებით მდებარეობა განაპირობებს. ხმელეთზე ღრმა ხეობები, ფიორდები და კუკის მყინვარი მოჩანს. მართალია, ამ ტერიტორიაზე მუდმივი მოსახლეობის რაოდენობა საკმაოდ მცირეა, თუმცა სეზონურად იქაურობას მრავალი მეცნიერი და მკვლევარი სტუმრობს.

2020 წელს გადაღებული დედამიწის საუკეთესო სურათები
ჰავაის კუნძული მაუი 415 კილომეტრი სიმაღლიდან. ფოტოზე სამეურნეო დანიშნულების მინდვრებთან, გოლფის მოედანთან და ქალაქ ვაიკაპუსთან ერთად ქარის ელექტოსადგურებიცაა აღბეჭდილი, რომლებიც მთლიანი შტატის ფარგლებში სიდიდითაა გამორჩეული.

2020 წელს გადაღებული დედამიწის საუკეთესო სურათები
413 კილომეტრი სიმაღლიდან გადაღებულ სურათზე კენიის სამხრეთ ნაწილში გაჩენილი ხანძრის კერებია აღბეჭდილი.

2020 წელს გადაღებული დედამიწის საუკეთესო სურათები
საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი ღამით, 411 კილომეტრი სიმაღლიდან.

2020 წელს გადაღებული დედამიწის საუკეთესო სურათები
422 კილომეტრი სიმაღლიდან დანახული ახალი ზელანდია.

2020 წელს გადაღებული დედამიწის საუკეთესო სურათები
მტვრის ქარიშხალი სამხრეთ ამერიკაში 424 კილომეტრი სიმაღლიდან. ეს მოვლენა პატაგონიის რეგიონსა და ქალაქ კომოდორო რივადავიისთვის იშვიათობას არ წარმოადგენს. მტვრის ძირითადი წყარო კოლჰი ჰუაპის ტბაა, რომლის წყლის დონეც მშრალი სეზონის დროს იკლებს და დიდი ოდენობით შლამს ტოვებს, რომელსაც ქარი იტაცებს.

2020 წელს გადაღებული დედამიწის საუკეთესო სურათები
საჰარის უდაბნოს ჩრდილოეთით დაგროვებული ღრუბლები 417 კილომეტრი სიმაღლიდანაა აღბეჭდილი.

2020 წელს გადაღებული დედამიწის საუკეთესო სურათები
413 კილომეტრ სიმაღლეზე განლაგებული SpaceX-ის კაფსულიდან დაფიქსირებული შთამბეჭდავი კადრი აღმოსავლეთ ყაზახეთსა და დედამიწის გასწვრივ მოკაშკაშე მთვარეს ასახავს.

კომენტარები