Thumbnail

ასტრონომებმა მომაკვდავი გალაქტიკა დააფიქსირეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

დიდ ბრიტანეთში მდებარე დარემის უნივერსიტეტში მომუშავე ასტრონომებმა ფრანგ კოლეგებთან ერთად ჩვენგან 9 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული გალაქტიკა დააფიქსირეს, რომელიც ყოველწლიურად იმ ოდენობის აირს კარგავს, რაც 10 ათასი მზის წარმოქმნისთვის იქნებოდა საკმარისი. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ახალი ვარსკვლავების ფორმირების უნარს კარგავს, ანუ კვდომის პროცესშია.

დღის ფოტო: შერწყმის პროცესში მყოფი გალაქტიკები

გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორებმა ID2299-ის სახელით ცნობილი გალაქტიკა ჩილეში, ატაკამის უდაბნოში განლაგებული 66 რადიოტელესკოპისგან შემდგარი ინტერფერომეტრით ALMA აღმოაჩინეს. მათი ყურადღება დაკვირვების ობიექტიდან ახლომდებარე სივრცეში გამოდევნილმა აირის მოგრძო კვალმა მიიქცია, რომელიც ზედმეტად დიდი მასშტაბისაა იმისთვის, რომ მისი გამოთავისუფლება შავი ხვრელის აქტიურობას ან ვარსკვლავთა ჩამოყალიბების თანმდევ პროცესებს მივაწეროთ. ამიტომ, მეცნიერებმა აღნიშნული ფენომენის ახსნა ახლებურად სცადეს.

ანიმაცია აირით მდიდარი გალაქტიკების შერწყმას გვიჩვენებს. ფოტო: Jeremy Fensch

მკვლევართა განცხადებით, საქმე აირით მდიდარი ორი სპირალური გალაქტიკის შერწყმასთან გვაქვს, რა დროსაც მათი გრავიტაციული ურთიერთქმედება აირების გარეთ გამოდევნას იწვევს და სწორედ ისეთ კვალს ტოვებს, რომელიც ID2299-ის შემთხვევაში დაფიქსირდა. ასტრონომთა გამოთვლებით, ამ უკანასკნელმა გაზის საერთო მარაგის ნახევარი დაკარგა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე ათეულ მილიონ წელში იქ ვარსკვლავების წარმოქმნა უკვე შეუძლებელი იქნებოდა, რაც გალაქტიკის ზრდის შეჩერებას განაპირობებდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ID2299 დედამიწიდან 9 მილიარდი სინათლის წლითაა დაშორებული, ჩვენ მხოლოდ მისი განვითარების ადრეულ ფაზას ვხედავთ, ამიტომ, სავარაუდოდ, ის უკვე დიდი ხნის მკვდარია.

ნახეთ: ჰაბლის ტელესკოპმა ვარსკვლავის აფეთქების პროცესი დააფიქსირა

ნაშრომის ავტორთა თქმით, ახალი აღმოჩენა გალაქტიკების ფორმირების უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება და მათი ევოლუციის შესახებ მეტ ინფორმაციას მოგვაწვდის. ისინი ამისთვის ახლო მომავალში ID2299-ისა და სხვა მსგავსი ობიექტების მაღალი გარჩევადობის ფოტოსურათების მოპოვებას გეგმავენ, რომლებზე დაყრდნობითაც კომპიუტერულ სიმულაციებს შექმნიან.

კომენტარები

ბოლო ამბები