Thumbnail

ნახეთ: Samsung-ის ახალი რობოტი საოჯახო საქმეებში დაგეხმარებათ

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

სამხრეთკორეულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ Samsung სამომხმარებლო ელექტროტექნიკის მწარმოებელთა ასოციაციის ეგიდით გამართულ ონლაინ ღონისძიებაზე ახალი რობოტი Bot Handy წარადგინა, რომელსაც საოჯახო საქმეებში დახმარება, მაგიდის გაშლა, ჭიქაში სასმლის დასხმა, ჭურჭლის ალაგება და ლარნაკში ყვავილების ჩაწყობა შეუძლია. მის გარდა ფართო საზოგადოებას კიდევ ორი ჭკვიანი მოწყობილობა - Bot Care და JetBot AI Plus გააცნეს, რომელთაგან უკანასკნელი აშშ-ში მიმდინარე წლის პირველ ნახევარში იქნება ხელმისაწვდომი.

ნახეთ: Volkswagen-მა წარადგინა რობოტი, რომელიც ელექტრომობილს დაგიტენით

შავსა და თეთრ ფერებში გადაწყვეტილი Bot Handy-ის წინა პანელზე განთავსებულ ციფრულ ეკრანზე მოძრავი თვალებია გამოსახული, რომელთა საშუალებით მოწყობილობა გამომეტყველებას იცვლის და ცოცხალ არსებას ემსგავსება. რობოტს ერთი ხელი აქვს, რომელიც სამ ადგილზე - მხართან, იდაყვთან და მაჯასთან იხრება. მისი მეშვეობით ის მფლობელისთვის წყლის მიტანას, ჭურჭლის სარეცხ მანქანაში თეფშებისა და ჭიქების შეწყობასა და სხვა დავალებების შესრულებას უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია, რომ Bot Handy ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნივთების ზომას, ფორმას, წონასა და შემადგენლობას განსაზღვრავს, შემდეგ კი მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მათ უსაფრთხოდ ასაღებად და გადასაადგილებლად საჭირო ძალას ითვლის.

Bot Handy-ისთვის ჭურჭლის სარეცხ მანქანაში თეფშებისა და ჭიქების ჩალაგება პრობლემას არ წარმოადგენს.

Bot Care პირადი ასისტენტის ფუნქციებს ითავსებს - სამუშაო განრიგის შეხსენებას, ქცევის ამოცნობას, საპასუხო ქმედებას და სხვა. მისი თავის წინა ნაწილში ეკრანია განთავსებული, ზემოთ კი პლანშეტური კომპიუტერის მსგავსი მონიტორი, რომელიც ვიდეოკონფერენციების დროს ავტომატურად იხსნება. რაც შეეხება JetBot AI Plus-ს, ეს რობოტი მტვერსასრუტისა და სათვალთვალო კამერის ფუნქციებს აერთიანებს. ის სამგანზომილებიანი სენსორებითაა აღჭურვილი, ავსებულ მტვრის კონტეინერს თავად ცლის და თავის გარშემო მდებარე ობიექტების აღქმა შეუძლია, რისი საშუალებითაც დაბრკოლებებს გვერდს იოლად უვლის.

ნახეთ: ეს იაპონური მოწყობილობა მარტოხელა მამაკაცებს სეირნობისას ხელს ჩაჰკიდებს

კომპანია Samsung-ის წარმომადგენელთა განცხადებით, ახალი რობოტები ამჟამინდელ, კორონავირუსის პანდემიით განპირობებულ რეალობას ერგებიან, რომელშიც სახლი ადამიანებისთვის უფრო მნიშვნელოვანი ადგილი გახდა, ვიდრე აქამდე იყო. ჯერჯერობით მხოლოდ JetBot AI Plus-ის გამოშვების სავარაუდო თარიღია ცნობილი. სხვა ჭკვიანი მოწყობილობები, გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე უფრო ფუტურისტული იდეებია, ვიდრე ბაზრისთვის განკუთვნილი პროდუქტი.

კომენტარები

ბოლო ამბები