Thumbnail

Starlink-ის ინტერნეტი უკვე ბრიტანეთშიც ხელმისაწვდომია

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი სააგენტოს გადაწყვეტილებით, ილონ მასკის კომპანიის SpaceX მიერ შემოთავაზებული Starlink-ის ინტერნეტი გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრები მოქალაქეებისთვისაც ხელმისაწვდომია. გავრცელებული ინფორმაციით, სერვისის ბეტა ვერსიის ტესტირებაში მომხმარებელთა ნაწილი უკვე ჩაერთო.

ევროპაში Starlink-ის ინტერნეტით სარგებლობა თებერვლიდან იქნება შესაძლებელი

სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერის მიერ დაფუძნებული კომპანია დიდ ბრიტანეთში სატელეკომუნიკაციო მომსახურების ისეთ პროვაიდერებს გაუწევს კონკურენციას, როგორებიცაა BT Group და OneWeb. ახალი აბონენტების ნაწილს Starlink-ის სატელიტური მიმღები და ვაი-ფაი როუტერი უკვე გადაეცა. ერთ-ერთი მათგანის განცხადებით, ინტერნეტის სიჩქარემ წამში 85 მეგაბიტს მიაღწია მაშინ, როდესაც ადრე იგივე მომხმარებელს წამში მხოლოდ 0.5 მეგაბიტი სიჩქარის ქსელით სარგებლობის საშუალება ჰქონდა.

Starlink-ის სატელიტური მიმღები. ფოტო: SpaceX

გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობას SpaceX-ის სერვისის გამოცდაში მონაწილეობის მისაღებად საჭირო მოწყობილობების შეძენა 439 გირვანქა სტერლინგად შეუძლია, მომსახურების ყოველთვიური გადასახადი კი 84 გირვანქა სტერლინგითაა განსაზღვრული. მედიის ცნობით, ბრიტანეთის გარდა Starlink-ის ინტერნეტზე წვდომა საბერძნეთში, ავსტრალიასა და გერმანიაშიც დაუშვეს.

ილონ მასკი Starlink-ის სატელიტების განლაგებას მარსის გარშემოც გეგმავს

Starlink-ის ინტერნეტის ბეტა ვერსიის საჯარო ტესტირება 2020 წლის 26 ოქტომბერს კანადის სამხრეთ პროვინციებსა და აშშ-ის ჩრდილოეთ შტატებში დაიწყო, სადაც მისმა სიჩქარემ ყველა მოლოდინს გადააჭარბა და წამში 174 მეგაბიტსაც კი მიაღწია. ამჟამად დედამიწის ორბიტაზე SpaceX-ის კუთვნილი 800-ზე მეტი მიკროსატელიტი მოძრაობს, მომავალში კი იქ 40 ათასამდე ხელოვნური თანამგზავრის განთავსებას იმედოვნებენ, რის შემდეგაც ქსელში თითქმის მთელი მსოფლიო ჩაერთვება.

კომენტარები

ბოლო ამბები