Thumbnail

მეცნიერებმა ჩვენთვის ცნობილი ყველაზე შორეული კვაზარი აღმოაჩინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

აშშ-ის არიზონის უნივერსიტეტში მომუშავე ასტრონომებმა, სხვადასხვა ქვეყნის კვლევით დაწესებულებებში მოღვაწე უცხოელ კოლეგებთან ერთად, ჩვენთვის ცნობილი ყველაზე შორეული კვაზარი აღმოაჩინეს, რომელიც დედამიწიდან 13 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ნაშრომი, რომელიც ავტორებმა ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების ყოველწლიურ კონფერენციაზე წარადგინეს, სამეცნიერო პორტალზე arXiv გამოქვეყნდა.

ასტრონომებმა იშვიათი კოსმოსური ობიექტები აღმოაჩინეს

კვაზარები გალაქტიკის ცენტრში არსებულ რეგიონებს ეწოდება. ისინი კოსმოსის ყველაზე ნათელ ობიექტებს შორის მოიაზრებიან და წარმოიქმნებიან მაშინ, როდესაც სუპერმასიური შავი ხვრელის მძლავრი გრავიტაცია გარემომცველ მატერიას იზიდავს და თავის გარშემო მბრუნავ დისკს ქმნის. ამ პროცესში დიდი ოდენობით ენერგია გამოიყოფა, რაც კვაზარებისთვის დამახასიათებელ გამორჩეულ სიკაშკაშეს განაპირობებს. J0313-1806, რომელიც მეცნიერებმა ატაკამის უდაბნოში განლაგებული, 66 რადიოტელესკოპისგან შემდგარი ინტერფერომეტრით ALMA დააფიქსირეს. სწორედ ერთ-ერთი მათგანია და ის ჩვენგან რეკორდული მანძილითაა დაშორებული.

გალაქტიკის ცენტრში განლაგებული კაშკაშა კვაზარი. ფოტო: Giffer

ასტრონომების განსაკუთრებული ყურადღება ახლად აღმოჩენილი კვაზარის ცენტრში მდებარე შავმა ხვრელმა მიიქცია, რომელიც მზეზე 1,6-მილიარდჯერ მასიურია და იმდენად მოკლე პერიოდშია ფორმირებული, რომ ამის ახსნა ჩვენს ხელთ არსებული თეორიული მოდელებით შეუძლებელია. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, ეს უზარმაზარი ობიექტები ვარსკვლავების აფეთქებისას ჩნდებიან და შემდეგ იზრდებიან, მეორის თანახმად კი, მათი მასის მატება მნათობთა მთელი სისტემის შთანთქმის შედეგია. თუმცა, მეცნიერთა თქმით, J0313-1806-ის შემთხვევაში საქმე სრულიად განსხვავებულ მოვლენასთან გვაქვს, რაც, შესაძლოა, შავ ხვრელში წყალბადის ცივი აირის ნაკადის პირდაპირ ჩადინებას გულისხმობდეს.

ასტრონომებმა მომაკვდავი გალაქტიკა დააფიქსირეს

მნიშვნელოვანია ისიც, რომ გალაქტიკაში, რომელშიც აღნიშნული კვაზარი მდებარეობს, ახალი ვარსკვლავები იმაზე 200-ჯერ სწრაფად წარმოიქმნება, ვიდრე ირმის ნახტომში. მისი სიკაშკაშის მიხედვით კი დადგინდა, რომ შავი ხვრელი იქ ყოველწლიურად 25 მზის ექვივალენტურ მატერიას შთანთქავს, რა დროსაც იონიზებული აირი კოსმოსში სინათლის სიჩქარის 20 პროცენტი სისწრაფით იფრქვევა. მკვლევართა აზრით, არაა გამორიცხული, რომ მსგავსმა დანაკარგმა გალაქტიკაში ვარსკვლავების ფორმირება შეაჩეროს, თუმცა აქამდე უცნობი იყო, სამყაროს განვითარების რა ეტაპზე დაიწყო ამგვარი პროცესები. J0313-1806-ის მაგალითზე უკვე ვიცით, რომ ეს დიდი აფეთქებიდან 670 მილიონი წლის გასვლის შემდეგ უკვე ხდებოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები