Thumbnail

მამაკაცს ელექტრონული საფულის პაროლი დაავიწყდა და 245 მილიონ დოლარს კარგავს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

აშშ-ის კალიფორნიის შტატში მცხოვრებ სტეფან თომასს იმ მყარი დისკის პაროლი დაავიწყდა, რომლის საშუალებითაც ბიტკოინის ელექტრონულ საფულეზე აქვს წვდომა. იმ შემთხვევაში, თუ სწორი კომბინაციის შესაყვანად დარჩენილ ორ ცდასაც უშედეგოდ გამოიყენებს, ქალაქ სან ფრანცისკოს მკვიდრი პროგრამისტი საკუთარ ანგარიშზე არსებულ 245 მილიონამდე აშშ დოლარს სამუდამოდ დაკარგავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The New York Times ავრცელებს. 

► შვეიცარიაში ეძებენ მგზავრს, რომელსაც მატარებელში ოქროს ზოდები დარჩა

სტეფან თომასს 7,002 ბიტკოინი ჯერ კიდევ 2011 წელს, ამ კრიპტოვალუტის შესახებ საინფორმაციო ხასიათის ანიმაციური ვიდეოს გამოქვეყნების გამო აჩუქეს, ციფრული ფულის ერთ-ერთმა ენთუზიასტმა - თემის პოპულარიზებისთვის. ამავე წელს მან ის ფურცელი დაკარგა, რომელზეც IronKey-ის სახელით ცნობილი მყარი დისკის პაროლი ეწერა. სწორედ იქ ინახებოდა მისი ელექტრონული საფულის გასაღები. სისტემა მომხმარებლებს სწორი კომბინაციის შეყვანის ათ შესაძლებლობას აძლევს, ყველა მცდელობის არასწორად გამოყენების შემთხვევაში კი მყარ დისკზე არსებულ ინფორმაციასთან წვდომა შეუძლებელი ხდება. თომასმა უკვე რვა კომბინაცია სცადა, აქედან გამომდინარე, მას შესაბამის გრაფაში პაროლის მითითების უფლება მხოლოდ ორჯერ აქვს.

"ლოგინში ვიწექი და პაროლის გახსენებას ვცდილობდი. შემდეგ ახალი ვარიანტით კომპიუტერთან მივდიოდი. ის არ ამართლებდა და მეც ისევ სასოწარკვეთა მეუფლებოდა", - იხსენებს მედიასთან საუბრის დროს სტეფან თომასი.

სტეფან თომასი, რომელმაც ბიტკოინის ელექტრონულ საფულეზე წვდომისთვის საჭირო პაროლი დაკარგა. ფოტო: The New York Times

აღსანიშნავია, რომ ელექტრონული საფულის პაროლის დაკარგვა ძალზე გავრცელებული მოვლენაა. კრიპტოვალუტების ანალიტიკურ-კვლევითი კომპანიის Chainalysis მონაცემებით, ამის გამო ამ დროისთვის არსებული 18,5 მილიონი ბიტკოინიდან დაახლოებით 20 პროცენტს უკვალოდ გაქრობის საფრთხე ემუქრება. მიმდინარე კურსით ეს თითქმის 140 მილიარდი აშშ დოლარია. 

► ილონ მასკის თქმით, მარსის ეკონომიკა კრიპტოვალუტაზე იქნება დაფუძნებული

მას შემდეგ, რაც გასული ერთი თვის განმავლობაში ბიტკოინის ფასი თითქმის 50 პროცენტით გაიზარდა და 35 ათას აშშ დოლარს მიაღწია, იმატა იმ ადამიანების რიცხვმაც, ვინც საკუთარ ელექტრონულ საფულეზე წვდომის აღსადგენად სპეციალურ სამსახურებს მიმართავს. კომპანიაში Wallet Recovery Services, რომელიც მომხმარებლებს დაკარგული გასაღებების მოძიების მომსახურებას სთავაზობს, აცხადებენ, რომ ბოლო თვეში ასეთი განაცხადების რაოდენობა თითქმის გასამმაგდა. 

ჩვეულებრივი საბანკო ანგარიშებისა თუ ონლაინ საფულეებისგან განსხვავებით, რომელთა მფლობელი კომპანიებიც მომხმარებლებს დაკარგული პაროლის აღდგენაში ეხმარებიან, ბიტკოინს მსგავსი მომსახურება არ აქვს. ამ კრიპტოვალუტის შემქმნელების თქმით, მათი მიზანი სწორედ ის იყო, რომ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს თავისი ციფრული ანგარიში და ფული გარეშე პირთა ჩარევის გარეშე, დამოუკიდებლად განეკარგა. აქედან გამომდინარე, ბიტკოინის ელექტრონული საფულით სარგებლობისთვის საჭირო მონაცემები მხოლოდ მისი მესაკუთრისთვისაა ცნობილი. 

რაც შეეხება სტეფან ტომასს, The New York Times-ის ცნობით, მან მყარი დისკი უსაფრთხო ადგილზე შეინახა და იმ დროს ელის, როცა კრიპტოგრაფები რთული პაროლების შეტეხვის ახალ გზებს მოიგონებენ. "ჩემს თავს ვუთხარი, ეს ყველაფერი წარსულში დამეტოვებინა. ასე უკეთესი იქნება ჩემივე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის", - ამბობს ის. 

კომენტარები

ბოლო ამბები