Thumbnail

სან დიეგოს ზოოპარკში მობინადრე გორილებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე სან დიეგოს ზოოპარკში მობინადრე გორილებს კორონავირუსი დაუდასტურდათ, რაც ადამიანის მსგავსი მაიმუნის COVID-19-ით დაავადების პირველი შემთხვევაა. ამის შესახებ განცხადებას აღნიშნული დაწესებულება აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტთან ერთად ავრცელებს.

ნიუ იორკის ზოოპარკში ვეფხვს კორონავირუსი დაუდასტურდა

კალიფორნიაში განლაგებული ველური ბუნების პარკის ბინადარ ორ დასავლეთის დაბლობის გორილას კორონავირუსით ინფიცირებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები 6 იანვარს აღენიშნა, რის შემდეგაც ზოოპარკის თანამშრომლებმა მათი ბიოლოგიური მასალა გამოსაკვლევად ადგილობრივ ლაბორატორიაში გაგზავნეს. ტესტირებამ პრიმატების ორგანიზმში დაავადების არსებობა აჩვენა, საბოლოოდ კი დიაგნოზი 11 იანვარს სახელმწიფო ვეტერინარულმა სამსახურმა დაადასტურა. ამ დროისთვის COVID-19-ის ნიშნები უკვე მესამე გორილასაც ჰქონდა გამოვლენილი.

სან დიეგოს ზოოპარკის ბინადარი გორილა, სახელად უინსტონი, რომელიც კორონავირუსითაა ინფიცირებული ფოტო: Christina Simmons

სან დიეგოს ზოოპარკის თანამშრომელთა განცხადებით, პანდემიის გამო შემოღებულ რეგულაციებს ყველა მკაცრად იცავდა, გორილებს კი კორონავირუსი, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მომვლელისგან გადაედოთ, რომელსაც COVID-19 უსიმპტომოდ ჰქონდა. პარკში სულ რვა დასავლეთის დაბლობის გორილაა, რომლებსაც ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობა აქვთ და მათში ვირუსის გავრცელების რისკიც მაღალია. ამის მიუხედავად, ყველა პრიმატს ჯერჯერობით ერთად ამყოფებენ, ვინაიდან დაშორება და იზოლაციაში გადაყვანა მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.

ნიუ იორკის ზოოპარკის 7 ბინადარსა და 2 შინაურ კატას კორონავირუსი დაუდასტურდა

გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულ გორილებს მხოლოდ ხველება და სურდო აწუხებთ, სხვა მხრივ კი თავს კარგად გრძნობენ, სვამენ წყალს და იკვებებიან. ვეტერინარებისთვის უცნობია, რამდენად რთულად შეიძლება მიმდინარეობდეს დაავადება ამ სახეობის ცხოველებში, თუმცა ზოოპარკში იმედოვნებენ, რომ პრიმატები, რომელთა პოპულაციაც 5 ათასზე ნაკლებ ინდივიდს აერთიანებს, შეძლებისდაგვარად მალე გამოჯანმრთელდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები