Thumbnail

ჩვენი გალაქტიკის უძველესი ვარსკვლავის ორბიტაზე მყარი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

აშშ-ის ჰავაისა და კალიფორნიის უნივერსიტეტებში მომუშავე მეცნიერებმა თავის უცხოელ კოლეგებთან ერთად ირმის ნახტომის გალაქტიკის ერთ-ერთი უძველესი ვარსკვლავის ორბიტაზე მყარი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს. ნაშრომი, რომელიც ავტორებმა ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების ყოველწლიურ კონფერენციაზე წარადგინეს, გამოცემაში The Astronomical Journal გამოქვეყნდა.

ახალაღმოჩენილ პლანეტას მეცნიერებმა "π დედამიწა" უწოდეს

ასტრონომებმა ჩვენგან 280 სინათლის წლით დაშორებულ სისტემაში შემავალ, TOI-561b-ის სახელით ცნობილ ეგზოპლანეტას NASA-ს კოსმოსური ტელესკოპის TESS და ჰავაიში განლაგებული კეკის ობსერვატორიის მიერ მოპოვებული მონაცემების ანალიზისას მიაკვლიეს. ციური სხეული დედამიწაზე 50 პროცენტით დიდი და 3-ჯერ მასიურია, თავის ვარსკვლავთან საკმაოდ ახლოს მოძრაობს და ორბიტაზე გადაადგილებას 12 საათზე ნაკლებ დროს ანდომებს. მნათობთან სიახლოვის გამო ეგზოპლანეტის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა 1,726 °C-ს შეადგენს, ამიტომ იქ სიცოცხლის არსებობა ნაკლებად სავარაუდოა.

 

მეცნიერთა დაკვირვებით, ახლად აღმოჩენილი ციური სხეული დედამიწის მსგავსი სიმკვრივისაა, რაც უჩვეულოა, ვინაიდან აღნიშნული მახასიათებელი მის შემთხვევაში წესით ბევრად მაღალი უნდა იყოს. ეს მათ აფიქრებინებს, რომ TOI-561b ჩვენთვის ცნობილ მყარ ეგზოპლანეტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ხნიერია. საქმე იმაშია, რომ მნათობი, რომლის გარშემოც ის ბრუნავს, ირმის ნახტომის უძველეს ვარსკვლავთა პოპულაციას მიეკუთვნება და ისეთი მძიმე ლითონების ნაკლებობას განიცდის, როგორიც რკინა და მაგნიუმია (ამგვარი ნივთიერებებით მდიდარი ვარსკვლავები ჩვენი გალაქტიკის განვითარების შედარებით გვიანდელ პერიოდში წარმოიქმნენ). ეს ყველაფერი კი მის ორბიტაზე მოძრავი ობიექტის შემადგენლობაზეც აისახება. აქედან გამომდინარე, ნაშრომის ავტორები ვარაუდობენ, რომ TOI-561b დაახლოებით 10 მილიარდი წლისაა.

ნახეთ: NASA-ს მეცნიერებმა დედამიწის მსგავსი ზომის ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს

მკვლევართა განცხადებით, სისტემაში, რომელშიც TOI-561b შედის, კიდევ ორი ეგზოპლანეტა ერთიანდება, თუმცა ისინი ზედმეტად დიდი ზომისა და არასაკმარისად მაღალი სიმკვრივის არიან იმისთვის, რომ მყარ ციურ სხეულებად მივიჩნიოთ. სამაგიეროდ, მათი მეზობელი ობიექტის მაგალითზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამყაროში დედამიწის მსგავსი კლდოვანი პლანეტების ფორმირება დიდი აფეთქების შემდეგ მალევე დაიწყო.

კომენტარები

ბოლო ამბები