Thumbnail

თურქეთში 2,500 წლის წინ აშენებული აფროდიტეს ტაძრის ნანგრევები აღმოაჩინეს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

თურქეთის დასავლეთ ნაწილში, ურლა-ჩეშმეს ნახევარკუნძულზე მდებარე ქალაქ იზმირის მახლობლად არქეოლოგებმა 2,500 წლის წინ აშენებული ტაძრის ნანგრევები აღმოაჩინეს. მათი ვარაუდით, ნაგებობა ძველ ბერძნულ მითოლოგიაში სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთს, აფროდიტეს ეძღვნება. ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო Anadolu Agency ავრცელებს.

► ნორვეგიაში 1200 წლის წინანდელი წარმართული ტაძრის ნანგრევები აღმოაჩინეს

მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელის, ქალაქ სტამბოლში მდებარე მიმარ სინანის სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტში მომუშავე არქეოლოგის, ელიფ კოპარალის განცხადებით, ტაძრის ნანგრევების დათვალიერებისას იქ ქალის ქანდაკების ნაშთები და გამომწვარი თიხისგან დამზადებული სკულპტურის თავის ფრაგმენტი იპოვეს. მისივე თქმით, ამოიკითხეს ნაგებობაზე განთავსებული წარწერაც: "ეს წმინდა ადგილია". არტეფაქტების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნეში აღნიშნულ რეგიონში აფროდიტეს კულტი ძალზე პოპულარული იყო, მეცნიერთა ვარაუდით, ტაძარი სწორედ ამ ქალღმერთის თაყვანისცემისთვის გამოიყენებოდა.

თურქეთში მდებარე ქალაქ იზმირის მახლობლად აღმოჩენილი 2,500 წლის წინ აშენებული აფროდიტეს ტაძრის ნანგრევები. ფოტო: Anadolu Agency

ნახევარკუნძული, სადაც აფროდიტეს ტაძრის ნაშთებს მიაგნეს, უძველესი დასახლებებითაა ცნობილი. აღნიშნულ რეგიორნში არქეოლოგიური სამუშაოები 2006 წლიდან მიმდინარეობს. დაახლოებით 1,600 კვადრატული მეტრი ფართობის შესწავლის შედეგად, მეცნიერებმა პრეისტორიული პერიოდის 35 ნასახლარი აღმოაჩინეს, მათ შორის 16 ნეოლითის ხანას განეკუთვნება. ელიფ კოპარალის თქმით, აფროდიტეს ტაძარი და მთლიანად ეს ტერიტორია ურბანიზაციის უარყოფითი გავლენისა და განძის მაძიებლებისგან დაცული უნდა იყოს. არქეოლოგიური ძეგლების დაზიანების თავიდან არიდების მიზნით მკვლევრები ადგილობრივ მოსახლეობასთან თანამშრომლობენ.

► არქეოლოგებმა პორტუგალიაში სტოუნჰენჯის მსგავსი ძეგლი აღმოაჩინეს

ძველი ბერძენი პოეტის, ჰესიოდეს "თეოგონიის" თანახმად, აფროდიტე ხმელთაშუა ზღვაში მდებარე კუნძულ კითერასთან ტალღების ქაფიდან იშვა, შემდეგ კი ქარმა ის კვიპროსზე მიიტანა. ცის უძველესი და უზენაესი ღმერთის, ურანოსის ქალიშვილი თავდაპირველად ბუნების ძალას განასახიერებდა და ნაყოფიერების ქალღმერთად მიიჩნეოდა, მოგვიანებით კი სიყვარულისა და სილამაზის ღვთაების ნიშნები შეიძინა. აფროდიტეს კულტი ფართოდ იყო გავრცელებული კვიპროსზე, მცირე აზიასა და იონიის კუნძულებზე. ძველ რომაულ მითოლოგიაში ის ვენერასთან არის გაიგივებული.

კომენტარები

ბოლო ამბები