Thumbnail

ვენაში ინიექციის შემდეგ მამაკაცის სისხლში ჰალუცინოგენი სოკოები გავრცელდა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

აშშ-ში მდებარე კრეიტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში მომუშავე ექიმებმა კერტის მაკნაითის ხელმძღვანელობით 30 წლის მამაკაცის ავადმყოფობის ისტორია აღწერეს, რომელმაც ოპიატებზე დამოკიდებულებისა და დეპრესიის მკურნალობა ფსილოციბინის შემცველი ჰალუცინოგენი სოკოების საშუალებით სცადა. მან ისინი მოხარშა და სითხე ვენაში შეიყვანა, რის შედეგადაც სოკომ სისხლში გავრცელება დაიწყო და პოლიორგანული უკმარისობა გამოიწვია. უჩვეულო შემთხვევის შესახებ მედიკოსთა ნაშრომი გამოცემაში Journal of the Academy of Consultation-Liaison Psychiatry გამოქვეყნდა.

კანადაში ონკოლოგიურ პაციენტებს ჰალუცინოგენი სოკოების მოხმარების უფლება მისცეს

ექიმებისა და პაციენტის ნათესავების მონათხრობით, მამაკაცს ბიპოლარული აშლილობის სიმპტომების შემსუბუქება სურდა, რა დროსაც სოკოს ორასამდე სახეობაში აღმოჩენილი, ტრიპტამინების ოჯახში შემავალი ალკალოიდის - ფსილოციბინის სამკურნალო თვისებების შესახებ შეიტყო. კვლევების თანახმად, ეს უკანასკნელი ობსესიურ-კომპულსური აშლილობის, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების, ასევე ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული ადამიანებისთვის დამახასიათებელი შფოთვის, შიშებისა და დეპრესიის დასაძლევად საკმაოდ ეფექტიანია, თუმცა ამ დანიშნულებით მას ძირითადად აბების სახით იღებენ.

მამაკაცმა ვენაში ჰალუცინოგენი სოკოების ნახარში შეიყვანა. ფოტო: Getty Images

ამერიკელი ექიმების მიერ აღწერილ შემთხვევაში მამაკაცმა თვითმკურნალობის უცნაური მეთოდი აირჩია - მან ჰალუცინოგენ სოკოებს მდუღარე წყალი დაასხა, შემდეგ სითხე გაფილტრა და შპრიცით ვენაში შეიყვანა. ინიექციიდან რამდენიმე დღეში ის ნათესავებმა ლეთარგიულ მდგომარეობაში, დიარეით, სიყვითლითა და სისხლის ღებინებით იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც თირკმლების მწვავე უკმარისობა, ღვიძლის დაზიანება, ტაქიკარდია, სისხლის დაბალი სატურაცია და იონური დისბალანსი დაუდგინდა, მოგვიანებით კი სეპტიკური შოკი და თრომბოჰემორაგიული სინდრომი განუვითარდა. მისი ამგვარი მდგომარეობის მიზეზის დასადგენად აღებული ბიოლოგიური ნიმუშის ანალიზმა კი აჩვენა, რომ პაციენტის ორგანიზმში ფსილოციბინის შემცველი სოკოები Psilocybe cubensis იზრდებოდა. სავარაუდოდ, ამის მიზეზი ნახარშის არასაკმარისი ფილტრაცია გახდა, სოკო სისხლში მოხვდა და იქ გამრავლდა, რამაც ინტოქსიკაცია და ორგანოების უკმარისობა გამოიწვია.

ჩერნობილის ბირთვული რეაქტორის სოკო ასტრონავტებს რადიაციისგან დაიცავს

მამაკაცმა საავადმყოფოში 22 დღე გაატარა, აქედან 8 დღე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ის ამჟამად უკვე სახლშია და ანტიბიოტიკებითა და სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობას განაგრძობს. ნაშრომის ავტორთა თქმით, მისი მაგალითი გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება მედიკამენტების, მათ შორის ნარკოტიკული საშუალებების სწორად მიღების წესების შესახებ, რათა მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილება შევძლოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები