Thumbnail

Samsung-მა S21 სერიის ახალი სმარტფონები წარადგინა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

სამხრეთკორეულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ Samsung 14 იანვარს გამართულ ონლაინ ღონისძიებაზე S21 სერიის ახალი სმარტფონები წარადგინა, მათ შორისაა Galaxy S21, S21 Plus და S21 Ultra. მსურველებს მოწყობილობების წინასწარი შეკვეთა უკვე შეუძლიათ, მაღაზიებში კი ისინი 29 იანვრიდან გამოჩნდება.

Samsung-მა ახალი ბიუჯეტური სმარტფონი Galaxy A42 5G წარადგინა

Samsung-ის მიერ წარდგენილი სმარტფონები ოპერაციულ სისტემაზე Android 11 მუშაობენ, One UI 3.1 და 5G მხარდაჭერით სარგებლობენ და წინამორბედებისგან განსხვავებული დიზაინი აქვთ. ახალი ფლაგმანის S21 Ultra ეკრანი 6,8 დუიმია. მას 40-მეგაპიქსელიანი სელფის კამერა, 108-მეგაპიქსელიანი მთავარი და 12-მეგაპიქსელიანი ფართოკუთხოვანი კამერები და 3x/10x ოპტიკური ზუმის მქონე ორი 10-მეგაპიქსელიანი ტელეფოტო ლინზა აქვს. მოდელის ელემენტის ტევადობა 5000 mAh-ია, ოპერატიული მეხსიერება 12GB/16GB-მდეა გაზრდილი, შიდა მეხსიერება კი 128/256/512 GB-ია. 229 გრამი წონის სმარტფონი შავ, ვერცხლისფერ, ოქროსფერ, ნაცრისფერ, ყავისფერ და წითელ ფერებშია გადაწყვეტილი.

 

საბაზისო მოდელის Galaxy S21 ეკრანის ზომა 6,2 დუიმია. მას 10-მეგაპიქსელიანი სელფის კამერა, 12-მეგაპიქსელიანი მთავარი და ფართოკუთხოვანი კამერები და 3x ზუმის მქონე 64-მეგაპიქსელიანი ტელეფოტო ლინზა აქვს. ნაცრისფერ, ვარდისფერ, იასამნისფერ და თეთრ ფერებში გადაწყვეტილი მოწყობილობის ელემენტის ტევადობა 4000 mAh, ოპერატიული მეხსიერება 8GB, შიდა მეხსიერება კი 128/256 GB-ია.

Samsung 16-გიგაბიტიანი LPDDR5 ჩიპების მასობრივ წარმოებას იწყებს

S21 Plus-ს საბაზისო მოდელისგან ბევრად დიდი, 6,7-დუიმიანი ეკრანი გამოარჩევს. განსხვავებულია ასევე ელემენტის ტევადობა, რომელიც ამ შემთხვევაში 4800 mAh-ს შეადგენს. ის Galaxy S21-ზე 31 გრამით მეტს, 202 გრამს იწონის და სამ ფერში - ვერცხლისფერში, შავსა და იასამნისფერშია ხელმისაწვდომი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სმარტფონების ევროპული ვერსია პროცესორით Samsung Exynos 2100 იქნება აღჭურვილი, აშშ-ში გასაყიდად განკუთვნილი მოწყობილობები კი არანაკლებ მძლავრ Snapdragon 888-ზე იმუშავებენ.

 

რაც შეეხება Samsung-ის ახალი სმარტფონების ღირებულებას, Galaxy S21-ის შეძენას მომხმარებლები 799 აშშ დოლარად შეძლებენ, S21 Plus ხელმისაწვდომი 999 აშშ დოლარად იქნება, S21 Ultra კი ყველაზე ძვირი, 1,199 აშშ დოლარი ეღირება. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიის გადაწყვეტილებით, მოწყობილობებს დამტენები და ყურსასმენები აღარ მოჰყვება.

კომენტარები

ბოლო ამბები