Thumbnail

NASA-ს მისიის ფარგლებში SpaceX მთვარეზე დასაჯდომ მოდულს გაუშვებს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

აშშ-ის კალიფორნიის შტატში დაფუძნებულმა ავიაკოსმოსური ტექნოლოგიების მწარმოებელმა კომპანიამ Intuitive Machines მთვარეზე საკუთარი დასაჯდომი მოდულის Nova-C გასაყვანად კომპანია SpaceX შეარჩია. აპარატი დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) კუთვნილ ხელსაწყოებს წაიღებს.

SpaceX-მა მთვარის მისიისთვის NASA-ს დაფინანსება მოიპოვა

Intuitive Machines-ის წარმომადგენელთა განცხადებით, მისიის IM-2 ფარგლებში მთვარეზე დასაჯდომ მოდულს ილონ მასკის კომპანიის მიერ წარმოებული რაკეტით Falcon 9 სავარაუდოდ 2022 წელს გაუშვებენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აპარატი ციური სხეულის სამხრეთ პოლუსის მახლობლად დაეშვება და იქ NASA-ს პროგრამის CLPS ფარგლებში ჩვენი პლანეტის ბუნებრივი თანამგზავრის შესასწავლად შექმნილ ხელსაწყოებს გადაიტანს. მათ შორის იქნება მთვარის გრუნტის გასაბურღი მოწყობილობა, რომელიც ციური სხეულის ზედაპირის ქვეშ წყლის არსებობის დასადასტურებლად ნიმუშების მოპოვებას შეეცდება. აღნიშნული მომსახურებისთვის კოსმოსურმა სააგენტომ Intuitive Machines საერთო ჯამში 47 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსა.

მთვარეზე დასაჯდომი მოდული Nova-C. ფოტო: Intuitive Machines

სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერის კომპანია დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე Intuitive Machines-ის კიდევ ერთი, ამავე ტიპის დასაჯდომი მოდულის გაშვებას უზრუნველყოფს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, IM-1-ის სახელით ცნობილი მისიის განხორციელება მიმდინარე წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ SpaceX მთვარეზე საკუთარი კოსმოსური აპარატის გასაგზავნად ავიაკოსმოსური ტექნოლოგიების მწარმოებელმა კომპანიამ, Masten Space Systems-მაც შეარჩია, რომელიც NASA-მ გასულ წელს 75,9 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსა. ამ მისიის განხორციელება 2022 წლისთვის იგეგმება.

ნახეთ: SpaceX-მა ორბიტაზე სამაუწყებლო კომპანიის SIRIUS XM სატელიტი გაიყვანა

ახლახან ასევე ცნობილი გახდა, რომ ილონ მასკის კომპანია აშშ-ში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაციის, გარემოს დაცვის ფონდის (EDF) პროექტის ფარგლებში ჩვენი პლანეტის ორბიტაზე ხელოვნურ თანამგზავრს MethaneSAT გაიყვანს. სატელიტს, რომელიც დედამიწის ატმოსფეროში მეთანის კონცენტრაციას დააკვირდება, SpaceX-ის რაკეტით Falcon 9 მომდევნო წლის ოქტომბერში გაუშვებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები