Thumbnail

ასტრონომებმა აღმოაჩინეს ეგზოპლანეტა, რომელსაც სამი მზე აქვს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულ სააგენტოში (NASA) მომუშავე მეცნიერებმა კოლეგებთან ერთად ჩვენგან 1800 სინათლის წლით დაშორებულ ვარსკვლავურ სისტემაში შემავალი ახალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, რომელსაც სამი მზე აქვს. ამის შესახებ ინფორმაცია მათ ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების ყოველწლიურ კონფერენციაზე გაასაჯაროვეს.

ჩვენი გალაქტიკის უძველესი ვარსკვლავის ორბიტაზე მყარი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს

გედის თანავარსკვლავედში მდებარე KOI-5Ab-ს სახელით ცნობილ ეგზოპლანეტას ასტრონომებმა პირველად 2009 წელს, NASA-ს "კეპლერის" მისიის ფარგლებში მიაკვლიეს, თუმცა მაშინ მისი შესწავლით დიდად არ დაინტერესებულან. მეცნიერები მას მოგვიანებით მიუბრუნდნენ, როცა კოსმოსურმა ტელესკოპმა TESS ციური სხეული კიდევ ერთხელ დააფიქსირა. ამჯერად სპეციალისტთა გუნდმა ობიექტის საფუძვლიანად გამოკვლევა გადაწყვიტა და ამისთვის ჰავაის კუნძულებზე განლაგებული კეკის ობსერვატორია გამოიყენა.

სურათზე ვარსკვლავურ სისტემაში KOI-5 შემავალი მნათობებისა და ახალაღმოჩენილი ეგზოპლანეტის ორბიტებია ნაჩვენები. ფოტო: Caltech/R. Hurt

მკვლევართა გამოთვლებით, KOI-5Ab აირის გიგანტია, რომლის მასაც სატურნის მასის ნახევარს შეადგენს. ის დედამიწას ზომით 7-ჯერ აღემატება. ეგზოპლანეტა ახლომდებარე მზის KOI-5A გარშემო მოძრაობს და ერთი ბრუნის შესრულებას 5 დღეს ანდომებს. ამ უკანასკნელის, ისევე, როგორც მისი მეზობელი მნათობის, KOI-5B-ის ორბიტული პერიოდი 30 წელია, ხოლო მესამე ვარსკვლავს მათ ირგვლივ წრეზე გადასაადგილებლად 400 წელი სჭირდება.

ნახეთ: NASA-ს მეცნიერებმა დედამიწის მსგავსი ზომის ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს

ეგზოპლანეტის შესწავლისას ასტრონომების განსაკუთრებული ყურადღება მისმა დამრეცმა ორბიტამ მიიქცია, რომელიც KOI-5B-ისგან განსხვავებულ სიბრტყეზეა განლაგებული, რაც უჩვეულოა. როგორც წესი, მატერიის საერთო მბრუნავი დისკიდან წარმოქმნილი ობიექტები მეტ-ნაკლებად ერთ ხაზზე მდებარეობენ, როგორც, მაგალითად, ჩვენი მზის სისტემის პლანეტები. მეცნიერთა აზრით, KOI-5Ab-ის მოძრაობის ტრაექტორია ჯერ კიდევ მაშინ შეიცვალა, როცა ის ფორმირების ეტაპზე იყო, ამაზე კი გავლენა ზემოხსენებული ვარსკვლავის მძლავრმა გრავიტაციამ მოახდინა.

მკვლევართა განცხადებით, ახალი აღმოჩენა რამდენიმე ვარსკვლავისგან შემდგარ სისტემებში არსებული ციური სხეულების წარმოქმნისა და განვითარების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში დაგვეხმარება. მსგავსი ობიექტების რაოდენობა ჩვენთვის ცნობილი 4300-ზე მეტი ეგზოპლანეტის 10 პროცენტს შეადგენს, თუმცა მათთან დაკავშირებით დღესაც მრავალი კითხვა არსებობს, რომელზე პასუხის გაცემასაც სპეციალისტები სწორედ აღნიშნულ სისტემაზე დეტალური დაკვირვების გზით შეეცდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები