Thumbnail

ჩიკაგოს აეროპორტში დააკავეს მამაკაცი, რომელიც იქ 3 თვის განმავლობაში ცხოვრობდა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

აშშ-ის ილინოისის შტატის ქალაქ ჩიკაგოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში განლაგებულ ო'ჰარას საერთაშორისო აეროპორტში სამართალდამცველებმა 36 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც იქ 3 თვის განმავლობაში ცხოვრობდა. ბრალდებულის განცხადებით, მან ტერმინალს თავი უსაფრთხოების მიზნით შეაფარა, რადგან კორონავირუსით ინფიცირების შიშის გამო სახლში დაბრუნება არ სურდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

► სინგაპურში ქალს, რომელმაც კოვიდ-კონტაქტი დამალა, 5-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს

კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს ანჯელესის ერთ-ერთ გარეუბანში მცხოვრები ადიტია სინგი ჩიკაგოს აეროპორტში გასული წლის 19 ოქტომბერს ჩაფრინდა. ის უმეტეს დროს შენობის აკრძალულ ზონაში ატარებდა და მისი ადვოკატის განცხადებით, მგზავრების მიერ მიცემული საჭმლით იკვებებოდა. მამაკაცი მოგვიანებით ამერიკული ავიაკომპანიის United Airlines წარმომადგენლებმა შენიშნეს და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ჩვენება მოსთხოვეს, თუმცა მან საკუთარის ნაცვლად მათ დაწესებულების ერთ-ერთი თანამშრომლის კუთვნილი სამკერდე ნიშანი წარუდგინა, რომელიც მფლობელმა 26 ოქტომბერს დაკარგა.

36 წლის ადიტია სინგი ო'ჰარას საერთაშორისო აეროპორტში 19 ოქტომბრიდან 16 იანვრამდე პერიოდში ცხოვრობდა.

ადიტია სინგი, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, კრიმინალური წარსული არ აქვს, United Airlines-ის წარმომადგენელთა მიერ გამოძახებულმა პოლიციამ დააკავა და სასამართლოს წარუდგინა. მამაკაცს ბრალი სხვისი საკუთრების ბოროტად გამოყენებასა და ქურდობაში ედება. მოსამართლის განცხადებით, ის საზოგადოებისთვის საშიშად შეიძლება მხოლოდ იმის გამოც მივიჩნიოთ, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ყალბ მოწმობას ატარებდა და შეუმჩნევლად ცხოვრობდა აეროპორტის ტერიტორიაზე, რომელიც ადამიანებისთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილი უნდა იყოს.

► ნახეთ: აშშ-ში ქალს დათვის გამოკვებისთვის პატიმრობა ემუქრება

მედიის ცნობით, ბრალდებულს 1000 აშშ დოლარის ოდენობის გირაო დაეკისრა და აეროპორტში შესვლა აეკრძალა. საქმის გამოძიება ჯერჯერობით ისევ მიმდინარეობს, ადიტია სინგის მორიგი სასამართლო პროცესი კი 27 იანვარს შედგება.

კომენტარები

ბოლო ამბები