Thumbnail

ბრიტანელი მამაკაცი ნაგავსაყრელზე 7500 ბიტკოინის შემცველ მყარ დისკს ეძებს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

დიდი ბრიტანეთის ქალაქ ნიუპორტში მცხოვრები პროგრამისტი, ჯეიმს ჰაველსი მის მიერ ადგილობრივ ნაგავსაყრელზე შემთხვევით გადაგდებული 7500 ბიტკოინის შემცველი მყარი დისკის პოვნას ცდილობს. მას ამისთვის ადგილობრივი მუნიციპალური საბჭოსგან გათხრების დასაწყებად ნებართვის მიღება სურს, რისთვისაც მათ ქონების მეოთხედს სთავაზობს.

მამაკაცს ელექტრონული საფულის პაროლი დაავიწყდა და 245 მილიონ დოლარს კარგავს

ჰაველსმა მყარი დისკი, რომლითაც პირად ელექტრონულ საფულეზე ჰქონდა წვდომა, 2013 წლის ზაფხულში გადააგდო, როცა მის მიერ 4 წლის წინ შეძენილი კრიპტოვალუტის ფასი ჯერ კიდევ დაბალი იყო. მომდევნო წლებში კი, როცა ამ უკანასკნელის ღირებულება საგრძნობლად გაიზარდა, მამაკაცმა აღმოაჩინა, რომ ბიტკოინები მის ხელთ უკვე აღარ იყო. ამჟამად ბრიტანელი პროგრამისტის ანგარიშზე დაახლოებით 267 მილიონი აშშ დოლარია, რომელიც მან, შესაძლოა, ვეღარასდროს დაიბრუნოს.

ბრიტანელი პროგრამისტი, ჯეიმს ჰაველსი, რომელმაც ნაგავში შემთხვევით 7500 ბიტკოინის შემცველი მყარი დისკი გადააგდო. ფოტო: CNN

ჯეიმს ჰაველსმა ნიუპორტის მუნიციპალურ საბჭოს ნაგავსაყრელის კონკრეტულ ნაწილში უსაფრთხოების ყველანაირი ნორმის დაცვით მყარი დისკის ძებნის უფლების მოსაპოვებლად არაერთხელ მიმართა. სანაცვლოდ კი მის ელექტრონულ საფულეში არსებული ქონების 25 პროცენტის მიცემას დაპირდა, რომელიც ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის განაწილდება. ამის მიუხედავად, მამაკაცის შეთავაზებას ოფიციალური პირები ამ დრომდე არ თანხმდებიან, რადგან, მათი განცხადებით, ნარჩენების ამოთხრა გარემოზე უარყოფით გავლენას მოახდენს.

შვეიცარიაში ეძებენ მგზავრს, რომელსაც მატარებელში ოქროს ზოდები დარჩა

პროგრამისტის გეგმის თანახმად, ნივთის პოვნის შემთხვევაში, ის სპეციალისტებს მიმართავს, რომლებიც მყარ დისკზე არსებული მონაცემების აღდგენას შეეცდებიან, რათა ქონების პატრონს ელექტრონულ საფულეზე წვდომის შანსი მიეცეს. მისი გამოთვლებით, ამ უჩვეულო პროექტის ინვესტორებისთვის თანხის 50 პროცენტის მიცემა იქნება საჭირო, თავად ჰაველსი კი ანგარიშზე დარჩენილი 25 პროცენტით ისარგებლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები