Thumbnail

ნახეთ: რაკეტამ Falcon 9 მე-8 წარმატებული მისიით ფრენების ახალი რეკორდი დაამყარა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის რაკეტამ Falcon 9 პროექტ Starlink-ის ფარგლებში დედამიწის ორბიტაზე 60 ახალი მიკროსატელიტი გაიყვანა, რითიც ჩვენი პლანეტის გარშემო მოძრავი ხელოვნური თანამგზავრების რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა. რაკეტის მრავალჯერადი გამოყენების პირველი საფეხურისთვის ეს რიგით მე-8 წარმატებული მისია იყო. შედეგად, აპარატმა აღნიშნული სერიის ყველა სხვა მოდელს გადაუსწრო და ფრენების ახალი რეკორდი დაამყარა.

Starlink-ის ინტერნეტი უკვე ბრიტანეთშიც ხელმისაწვდომია

Falcon 9 ფლორიდაში მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან აფრინდა და დედამიწის ორბიტაზე განთავსებულ Starlink-ის თანავარსკვლავედს კიდევ ათობით ზონდი შემატა. გაშვებიდან დაახლოებით 9 წუთში რაკეტის პირველი საფეხური ატლანტის ოკეანეში განლაგებულ სპეციალურ პლატფორმაზე უსაფრთხოდ დაეშვა, რაც SpaceX-ის საფრენი აპარატის წარმატებით დაბრუნების 72-ე შემთხვევაა.

სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერის კომპანია რაკეტის გაშვებას თავდაპირველად 18 იანვარს გეგმავდა, თუმცა ამინდის გაუარესების გამო ფრენა 24 საათით გადაიდო. ტექნიკური გაუმართაობის მიზეზით მისიის განხორციელება ვერც მომდევნო დღეს მოხერხდა. საბოლოოდ, Falcon 9-მ ჩვენი პლანეტის ორბიტაზე სატელიტების გაყვანა მხოლოდ 20 იანვარს შეძლო. ეს SpaceX-ის აღნიშნული სერიის აპარატებისთვის 102-ე წარმატებული ფრენა იყო.

 

რაკეტის ამ პირველ საფეხურს, რეკორდის დამყარებამდე, დედამიწის ორბიტაზე Starlink-ის სატელიტების ოთხი წყება, ასევე, კანადის კოსმოსური სააგენტოს კუთვნილი სამი ზონდი აქვს გაყვანილი. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს განხორციელებული სატესტო ფრენის ფარგლებში აპარატით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე უეკიპაჟო ხომალდი Crew Dragon გაუშვეს. უკანასკნელ მისიამდე კი, 13 დეკემბერს მან ორბიტაზე ამერიკული სამაუწყებლო კორპორაცია Sirius XM-ისთვის 7 ათასი კილოგრამი წონის მქონე ახალი თაობის ხელოვნური თანამგზავრი გაიყვანა.

NASA-ს მისიის ფარგლებში SpaceX მთვარეზე დასაჯდომ მოდულს გაუშვებს

SpaceX პროექტ Starlink-ის ფარგლებში ჩვენი პლანეტის გარშემო მიკროსატელიტების თანავარსკვლავედის შექმნას ისახავს მიზნად, რომლის დანიშნულებაც დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან მაღალი სიჩქარის ინტერნეტთან წვდომის უზრუნველყოფა იქნება. სერვისის ბეტა ვერსიის საჯარო ტესტირება 2020 წლის 26 ოქტომბერს კანადის სამხრეთ პროვინციებსა და აშშ-ის ჩრდილოეთ შტატებში დაიწყო, სადაც მისმა სიჩქარემ ყველა მოლოდინს გადააჭარბა და წამში 174 მეგაბიტსაც კი მიაღწია. ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ სპეციალური მარეგულირებელი ორგანოების მიერ ნებართვის გაცემის შემდეგ Starlink-ის ინტერნეტით სარგებლობა უკვე დიდი ბრიტანეთში, საბერძნეთში, ავსტრალიასა და გერმანიაშია შესაძლებელი.

ილონ მასკის კომპანიამ აშშ-ის ფედერალური საკომუნიკაციო კომისიისგან (FCC) დედამიწის გარშემო 12 ათასი ხელოვნური თანამგზავრის განლაგების ნებართვა უკვე მიიღო და მომავალში ორბიტაზე 30 ათასამდე მიკროსატელიტის განთავსების უფლების მოპოვებას შეეცდება. პროექტის დასრულების შემდეგ Starlink-ის ინტერნეტი თითქმის მთელ მსოფლიოში იქნება ხელმისაწვდომი.

კომენტარები

ბოლო ამბები