Thumbnail

კომპანიამ LG, შესაძლოა, სმარტფონების ბაზარი დატოვოს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

სამხრეთკორეულმა ტექნოლოგიურმა კორპორაციამ LG, შესაძლოა, 2021 წელს სმარტფონების ბაზარი დატოვოს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა The Korea Herald კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, კვან ბო სიოკის მიერ თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, ამის მიზეზი ისაა, რომ LG მობილური ტელეფონების სხვა მწარმოებლებს სათანადო კონკურენციას ვერ უწევს, რის გამოც ბოლო წლებში რამდენიმე მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა.

ნახეთ: კომპანია LG დასახვევ სმარტფონს გამოუშვებს

"იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიო ბაზარზე სმარტფონების მწარმოებელთა შორის კონკურენცია უფრო და უფრო იზრდება, დროა, LG-მ ვითარება ცივი გონებით შეაფასოს და ყველასთვის საუკეთესო გამოსავალზე შეჯერდეს. კომპანია პრობლემის მოსაგვარებლად ნებისმიერ შესაძლო გზას განიხილავს, იქნება ეს საკუთარი პროდუქციის შედარებით დაბალ ფასად გაყიდვა, ბაზრის დატოვება თუ შტატების შემცირება", - ვკითხულობთ კვან ბო სიოკის მიმართვაში.

კომპანია LG Electronics-ის აღმასრულებელი დირექტორი, კვან ბო სიოკი. ფოტო: Getty Images

კომპანიის წარმომადგენლები მედიის მიერ გავრცელებული წერილის ავთენტურობას ადასტურებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა. ვარაუდობენ, რომ LG-ში მომუშავე ადამიანების უმეტესობას სამსახურის გარეშე დარჩენის საფრთხე არ ემუქრება, რადგან სმარტფონების ბაზრის დატოვების შემთხვევაში, თანამშრომლების დაახლოებით 60 პროცენტს კორპორაციის სხვა საორგანიზაციო ერთეულებში დაასაქმებენ.

ნახეთ: კომპანიამ LG დასახვევი ტელევიზორების გაყიდვა დაიწყო

ამ დროისთვის მობილური ტელეფონების ინდუსტრიაში მოწინავე ადგილებზე Samsung, Huawei, Xiaomi, Vivo და Apple არიან, რომლებიც, LG-ისგან განსხვავებით, დღითიდღე ფართოვდებიან და ბაზარზე პოზიციებს იმყარებენ. იმის მიუხედავად, რომ სამხრეთკორეულმა მწარმოებელმა ბოლო წლებში სტანდარტული მოდელების სერიებიდან გადაუხვია და რამდენიმე ინოვაციური მოწყობილობაც გამოუშვა, ბოლო 5 წელიწადში მისმა ზარალმა 4,5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. შესაბამისად, არ გამორიცხავენ, რომ კომპანიის მიერ ახლახან წარდგენილი დასახვევი სმარტფონი, შესაძლოა, LG-ისთვის ერთ-ერთი უკანასკნელი მსგავსი პროდუქტი იყოს.

კომენტარები

ბოლო ამბები