Thumbnail

ეგვიპტეში პაპირუსზე დაწერილი "მიცვალებულთა წიგნის" ერთ-ერთი თავი აღმოაჩინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროს სამხრეთით, უძველეს ქალაქ მემფისში მდებარე საქარას სახელით ცნობილ ნეკროპოლისში წარმოებული გათხრებისას არქეოლოგებმა ერთ-ერთ სამარხში პაპირუსის უზარმაზარ გრაგნილს მიაკვლიეს, რომელიც "მიცვალებულთა წიგნის" მე-17 თავს შეიცავს. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესულ ტერიტორიაზე გაკეთებული ამ და სხვა აღმოჩენების შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სიძველეების სამინისტრო ავრცელებს.

► ნახეთ: ეგვიპტეში 2500 წლის წინანდელი სარკოფაგი გახსნეს

"მიცვალებულთა წიგნი" ძველეგვიპტურ ტექსტებს აერთიანებს. მათ შორისაა მაგიური შელოცვები, რომლებიც, ხალხის რწმენით, გარდაცვლილებს იმქვეყნიურ სამყაროში გზის გაგნებაში ეხმარებოდა. სწორედ ერთ-ერთ ასეთ ხელნაწერს მიაგნეს მეცნიერებმა მე-6 დინასტიის პირველი ფარაონის, ტეტის პირამიდის მახლობლად მდებარე სამარხში. გრაგნილი დაახლოებით 4 მეტრი სიგრძისაა, მისი სიგანე კი თითქმის ერთ მეტრს შეადგენს. სპეციალისტები პაპირუსზე დატანილ იეროგლიფებს ამ დრომდე სწავლობენ, თუმცა უკვე ცნობილია, რომ იქ, მე-17 თავის სხვა ასლების მსგავსად, საიქიო ცხოვრებასთან დაკავშირებული კითხვები და პასუხებია მოცემული.

არქეოლოგთა მიერ აღმოჩენილი პაპირუსი, რომელზეც "მიცვალებულთა წიგნის" მე-17 თავია დატანილი. ფოტო: Egyptian Antiquities Ministry

არქეოლოგებმა ასევე ტეტის ცოლის, დედოფალ ნეარიტის სახელზე აგებული ტაძარი აღმოაჩინეს, რომლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ალიზისგან აშენებული სამი საწყობია განთავსებული, სადაც ფარაონისა და მისი ცოლისთვის მირთმეული ძღვენი ინახებოდა. პირამიდის მიმდებარედ არსებულ უძველეს სამარხებში მიაკვლიეს 50-ზე მეტ ხის სარკოფაგსაც, რომლებშიც მე-18 და მე-19 დინასტიის მმართველობის დროს მცხოვრები ადამიანები იყვნენ ჩასვენებული. ვარაუდობენ, რომ ეს საფლავები ტეტის კულტის მიმდევრებს ეკუთვნით, რომლებსაც ფარაონის თაყვანისცემა მისი გარდაცვალებიდან ათასი წლის შემდეგაც კი არ შეუწყვიტავთ.

ნახეთ: ეგვიპტეში 80-ზე მეტი უძველესი სარკოფაგი აღმოაჩინეს

ახალაღმოჩენილ არტეფაქტებს შორისაა ქანდაკებები, სამაგიდო თამაშები, ბრინჯაოსგან დამზადებული ნაჯახი და ქვის სტელა, რომელზეც იეროგლიფებით შესრულებულ წარწერებთან ერთად, ფარაონის მეეტლისა და მისი ოჯახის წევრების რელიეფურ გამოსახულებების ხილვაა შესაძლებელი. მეცნიერთა განცხადებით, მათი შესწავლა ძველი ეგვიპტელების ცხოვრების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში დაგვეხმარება.

კომენტარები

ბოლო ამბები