Thumbnail

ნახეთ: კოსმოსიდან დაფიქსირებული ელვის მსგავსი ფენომენი დედამიწის ატმოსფეროში

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

დედამიწის გარშემო მოძრავ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე დამონტაჟებულმა დეტექტორებმა და ოპტიკურმა სენსორებმა ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში ელვის მსგავსი ფენომენი დააფიქსირეს - ჭექა-ქუხილის დროს წარმოქმნილი მოგრძო ნათება, რომელიც "ცისფერი ნაკადის" სახელითაა ცნობილი. ევროპის კოსმოსური სააგენტოს მიერ გავრცელებული შთამბეჭდავი კადრების საფუძველზე დანიის ტექნიკურ უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებს ამ უჩვეულო მოვლენის შესწავლის საშუალება მიეცათ. მათი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.

709-კილომეტრიანმა ელვამ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

კვლევის ავტორთა განცხადებით, დედამიწის ორბიტაზე მოძრავ მოდულზე არსებულმა კამერებმა დაახლოებით 400 კილომეტრი სიმაღლიდან ჯამში 5 მძლავრი ნათება გადაიღო, რომელთაგან ერთი საავდრო ღრუბლის თავზე გაჩენილი ცისფერი ნაკადით დასრულდა. ასე უწოდებენ ზემოთ მიმართულ ელექტრულ განმუხტვას, რომელიც დადებითად და უარყოფითად დამუხტული ფენების ურთიერთქმედებისას წარმოიქმნება, 50 კილომეტრ სიმაღლემდე აღწევს და წამზე ნაკლებ დროში ქრება. მეცნიერთა თქმით, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე დამონტაჟებულმა ხელსაწყოებმა მსგავსი ელვა წყნარ ოკეანეში განლაგებულ კუნძულ ნაურუს მიმდებარედ დააფიქსირეს. მან სულ რამდენიმე მიკროწამს გასტანა და სტრატორფეროსა და მეზოსფეროს მიჯნამდე მიაღწია.

 

კადრში მოხვდა ამ სახის კიდევ ერთი ფენომენი, მოწითალო ფერის ნათება, რომელსაც აკრონიმით "ელფები" მოიხსენიებენ. ეს არის სწრაფად გაფართოვებადი ოპტიკური და ულტრაიისფერი გამოსხივება იონოსფეროში. მის ჩამოყალიბებას მეხის დაცემისას მაღლა ატყორცნილი ელექტრომაგნიტური იმპულსები განაპირობებს, რის შედეგადაც ჩვენი პლანეტის ატმოსფეროს ზედა ფენაში 320 კილომეტრამდე გარშემოწერილობის მქონე ბრტყელი დისკები ჩნდება.

ნახეთ: ელვის მსგავსი ფენომენი იუპიტერის ატმოსფეროში

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ცისფერი ნაკადების, ელფებისა და სხვა მსგავსი მოვლენების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამაა უცნობი, მათზე დეტალური დაკვირვება კი ხმელეთიდან თითქმის შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ფიქრობენ, რომ მაღალტექნოლოგიური ხელსაწყოების მეშვეობით დედამიწის ატმოსფეროს კოსმოსიდან შესწავლა იქ მიმდინარე პროცესებზე უფრო მეტ ინფორმაციას მოგვაწვდის.

კომენტარები

ბოლო ამბები