Thumbnail

შვედეთში ირმებისთვის გზების გადასაკვეთად განკუთვნილ ხიდებს ააშენებენ

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

შვედეთის ტრანსპორტის სააგენტო ქვეყანაში მობინადრე 250 ათასამდე ჩრდილოეთის ირმისთვის რკინიგზის ხაზებსა და ავტომაგისტრალებზე ათეულობით ხიდის მშენებლობას გეგმავს, რომელიც საკვების ძიებისას ცხოველებს გზების უსაფრთხოდ გადაკვეთაში დაეხმარება. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი რადიომაუწყებელი კომპანია Sveriges Radio ავრცელებს.

ნახეთ: ქვეწარმავლებისთვის განკუთვნილი ხიდი ინდოეთში

ზამთრობით ჩრდილოეთის ირმები ძირითადად ლიქენების სახელით ცნობილი მცენარეებით იკვებებიან, რომლის მოსაპოვებლადაც მათ ფეხებით თოვლის საფარის ამოთხრა უწევთ. გლობალური დათბობის გამო აღნიშნულ სეზონზე ხშირად ნალექი თოვლთან ერთად წვიმის სახითაც მოდის, ტემპერატურის დაცემის შემდეგ კი ნიადაგი ყინულის მყარი ფენით იფარება. ცხოველებს მისი დამსხვრევა და საკვების მოპოვება უჭირთ, ამიტომ უკეთესი ადგილების ძიებას იწყებენ. ამ დროს ძუძუმწოვრებს მატარებლის ლიანდაგებისა და ავტომაგისტრალების გადაკვეთა უწევთ, რის გამოც ხშირად სატრანსპორტო საშუალებებთან შეჯახებას ეწირებიან.

ჩრდილოეთის ირმები შვედეთში, მდინარე ვინდელელვენის მიმდებარედ გამავალი ავტომაგისტრალის გადაკვეთისას. ფოტო: Henrik Montgomery

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ირმებისთვის განკუთვნილ ხიდებს შვედეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ნორბოტენის ოლქსა და ვესტერბოტენის პროვინციაში ააგებენ. პირველი ასეთი კონსტრუქციის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს ქალაქ უმეოში არსებულ ავტომაგისტრალზე იგეგმება, რომელიც ცხოველების გადაადგილების გამო ხშირად დიდი ხნით იკეტება. მისი დიზაინისა და ადგილმდებარეობის შერჩევისთვის ქვეყნის ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობასთან, ძირითადად კი საამების სახელით ცნობილ ეთნიკურ ჯგუფთან თანამშრომლობენ, რომელიც ჩრდილოეთის ირმების მოშენებით არის ცნობილი.

ნახეთ: ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე გრძელი შუშის ხიდი გაიხსნა

პირველად ცხოველებისთვის განკუთვნილი ხიდი საფრანგეთში, ჯერ კიდევ 1950-იან წლებში აშენდა. ამ მაგალითს მოგვიანებით სხვა სახელმწიფოებმაც, უმეტესად კი ევროპის ქვეყნებმა მიბაძეს. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნიდერლანდებში მსგავსი დანიშნულების მქონე 600-ზე მეტი კონსტრუქციაა განლაგებული. მათ შორის ერთ-ერთი, რომლის სიგრძეც 800 მეტრია, მსოფლიოში ყველაზე გრძელ ასეთ ხიდად მიიჩნევა.

კომენტარები

ბოლო ამბები