Thumbnail

მეცნიერებმა ტიტანზე არსებული უდიდესი ზღვის სავარაუდო სიღრმე გამოთვალეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე კორნელის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა, იტალიელ და ფრანგ კოლეგებთან ერთად, სატურნის ერთ-ერთი მთვარის, ტიტანის ჩრდილოეთ პოლარულ რეგიონში განლაგებული უდიდესი ზღვის სავარაუდო სიღრმე გამოთვალეს, რომელიც ბუნებრივი წყალსატევის ცენტრალურ ნაწილში 300 მეტრს აჭარბებს. მათი ნაშრომი გამოცემაში Journal of Geophysical Research გამოქვეყნდა.

ჯუჯა პლანეტა ცერერაზე მიწისქვეშა ოკეანე აღმოაჩინეს

მკვლევრებმა კრაკენის ზღვის შესასწავლად, რომელიც ტიტანის ზედაპირზე არსებული სითხის 80 პროცენტს შეიცავს, კოსმოსურ ხომალდ "კასინის" მიერ შეგროვებული მონაცემები გამოიყენეს. აღნიშნულმა აპარატმა 500 ათასი კვადრატული კილომეტრი ფართობის მქონე წყალსატევისა და მის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე, მორეი სინუსის სახელით ცნობილი ესტუარის სიღრმის დასადგენად სპეციალური ხელსაწყო, რადიოალტიმეტრი გამოიყენა. მისი მეშვეობით, ზონდმა 965 კილომეტრი სიმაღლიდან ფსკერისკენ რადიოტალღები გაუშვა, იმ დროის მიხედვით კი, რომელიც სიგნალის უკან დაბრუნებას დასჭირდა, შესასწავლი ობიექტების პარამეტრები გამოთვალა.

კრაკენის ზღვა ტიტანზე. ფოტო: Getty Images

კვლევის თანახმად, მორეი სინუსი 85 მეტრი სიღრმისაა, ანუ კრაკენის ზღვასთან შედარებით, ბევრად წყალმარჩხია. რაც შეეხება ამ უკანასკნელს, ის იმდენად ღრმა აღმოჩნდა, რომ ხომალდის მიერ მისი ფსკერისკენ გაშვებულმა რადიოტალღებმა ბოლომდე ვერ ჩააღწიეს. ნაშრომის ავტორები ვარაუდობენ, რომ იქ არსებული თხევადი ეთანისა და მეთანის ნაერთი ტიტანის ზედაპირიდან 300 მეტრზე დაბლა აღწევს.

ურანის მთვარეებზე, შესაძლოა, მიწისქვეშა ოკეანეები არსებობდეს

კრაკენის ზღვის სიდიდის გამო აქამდე მიიჩნეოდა, რომ იქ ეთანი ჭარბობდა, თუმცა კვლევამ აჩვენა, რომ მისი შემადგენლობა ტიტანის სხვა ზღვების მსგავსია, რაც ციური სხეულის ჰიდროლოგიური სისტემის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის. მკვლევართა განცხადებით, ზემოხსენებული აუზის სიღრმე საკმარისია იმისთვის, რომ იქ წყალქვეშა გემი თავისუფლად გადაადგილდეს და მიდამო დეტალურად შეისწავლოს. მათი თქმით, სატურნის მთვარეზე მსგავსი მისიის განხორციელება სავსებით შესაძლებელია.

კომენტარები

ბოლო ამბები