Thumbnail

ილონ მასკი CO2-ის შეგროვების ტექნოლოგიის შემქმნელს $100 მილიონით დააჯილდოვებს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა ნახშირორჟანგის შეგროვების საუკეთესო ტექნოლოგიის შემუშავებისთვის 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა. ამის შესახებ განცხადება კომპანიების SpaceX და Tesla დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა თავის ტვიტერის გვერდზე გაავრცელა. მისივე თქმით, დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაცია მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი.

ილონ მასკი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა

მეცნიერები გლობალური დათბობის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის მკვეთრ ზრდას ასახელებენ. დღემდე ძალზე მცირე პროგრესი შეინიშნება იმ ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით, რომელიც CO2-ის გამოყოფის შემცირებაზეა ორიენტირებული. საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში დაფუძნებული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) წარმომადგენელთა განცხადებით, ჰაერის დაბინძურების თავიდან არიდების ერთადერთი გზა სწორედ ნახშირორჟანგის შემგროვებელი ტექნოლოგიის შემუშავებაა. აღნიშნული მეთოდი ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა თუ სხვადასხვა სახის საწარმოებში გამოყოფილი CO2-ის თავმოყრას, იზოლირებულად შენახვასა და მავნე მინარევებისგან გაწმენდას ითვალისწინებს.

მეცნიერები გლობალური დათბობის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის მკვეთრ ზრდას ასახელებენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამხრეთაფრიკული წამოშობის მილიარდერის მიერ გამოყოფილი თანხა აშშ-ის კალიფორნიის შტატში დაარსებულ არაკომერციულ ორგანიზაციას Xprize Foundation გადაეცემა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებისადმი მიძღვნილ კონკურსებს მასპინძლობს. ამ უკანასკნელმა 2018 წელს CO2-ის შეგროვების სისტემის შექმნისთვის გამოცხადებული კონკურსის ფინალისტი ხუთი კომპანია საერთო ჯამში 20 მილიონი აშშ დოლარით დააჯილდოვა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტების მხარდასაჭერად გასულ წელს 1 მილიარდი აშშ დოლარი ასევე ამერიკელი ბიზნესმენის, ბილ გეითსის კომპანიამ Microsoft გამოყო.

მეცნიერებმა ნახშირორჟანგი საავიაციო საწვავად გარდაქმნეს

CO2-ის შეგროვებისა და გადამუშავების ტექნოლოგიის განვითარებაზე დღესდღეობით მსოფლიოში არაერთი კომპანია თუ დაწესებულება მუშაობს. მაგალითად, შვეიცარიაში მდებარე ლოზანის ფედერალური პოლიტექნიკური სკოლის (EFPL) მეცნიერებმა შექმნეს სისტემა, რომელიც ავტომობილის გამონაბოლქვის 90 პროცენტს სითხედ გარდაქმნის. დიდ ბრიტანეთში მდებარე ოქსფორდის უნივერსიტეტში მომუშავე სპეციალისტებმა კი ნახშირწყალბადის აღდგენის შედეგად ნახშირორჟანგი საავიაციო საწვავად აქციეს.

კომენტარები

ბოლო ამბები