Thumbnail

SpaceX-ს ტექსასში ბუნებრივი აირის მოპოვება სურს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერისა და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის მიერ დაფუძნებულ კომპანიას SpaceX აშშ-ის ტექსასის შტატში, ბოკა ჩიკაში მდებარე კერძო კოსმოდრომის მიმდებარედ ბუნებრივი აირის მოპოვება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა Bloomberg ავრცელებს.

ილონ მასკი CO2-ის შეგროვების ტექნოლოგიის შემქმნელს $100 მილიონით დააჯილდოვებს

მედიის ცნობით, SpaceX-ის შვილობილმა კომპანიამ Lone Star Mineral Development ჯერ კიდევ 2020 წლის ივნისში იჯარით აიღო 3,2 კვადრატული კილომეტრი ფართობის მიწა, რაზეც საჯაროდ ხელმისაწვდომი ოფიციალური დოკუმენტებიც მოწმობს. თუმცა, აღნიშნულ ტერიტორიაზე წიაღისეული საწვავის მოპოვებას ის დღემდე ვერ ახერხებს კონკურენტ Dallas Petroleum Group-თან დავის გამო, რომელიც იქ არსებული ჭაბურღილების მფლობელობაზე აცხადებს პრეტენზიას. ამჟამად ამ საკითხის გადაწყვეტას ადგილობრივი მარეგულირებელი სააგენტო, ტექსასის სარკინიგზო კომისია ცდილობს.

ბოკა ჩიკაში მდებარე კოსმოდრომი. ფოტო: Bloomberg

Lone Star Mineral Development-ის წარმომადგენელთა განცხადებით, მათი კონკურენტები სხვისი საკუთრების ბოროტად გამოყენებას ცდილობენ და მიწის რეალურ მესაკუთრეებს იქ შესვლის საშუალებას არ აძლევენ, რაც უკანონო ქმედებად მიაჩნიათ. კომპანიის ადვოკატი Bloomberg-თან საუბრისას აღნიშნავს იმასაც, რომ SpaceX-ს ბუნებრივი აირის შემადგენელი ნაერთის, მეთანის მარაგი რაკეტა Starship-ისთვის ესაჭიროება, რომლის გამოცდაც სწორედ ბოკა ჩიკაში განლაგებულ კოსმოდრომზე მიმდინარეობს. ვარაუდობენ, რომ მოპოვებული წიაღისეული Raptor-ის სახელით ცნობილი ძრავის ამუშავებას მოხმარდება.

ილონ მასკის კომპანიამ გვირაბის გათხრის კონკურსი გამოაცხადა

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დავის განხილვას რამდენიმე თვე დასჭირდება. საბოლოო გადაწყვეტილებას კი ტექსასის სარკინიგზო კომისიის სამი წევრი მიიღებს, რომლებიც სასამართლოს მიერ შეთავაზებულ დასკვნას ხმის მიცემის გზით დაეთანხმებიან ან უარყოფენ.

კომენტარები

ბოლო ამბები