Thumbnail

ნახეთ: რაკეტამ Falcon 9 ორბიტაზე რეკორდული რაოდენობის სატელიტი გაიყვანა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შექმნილმა რაკეტამ Falcon 9 მისიის Transporter-1 ფარგლებში დედამიწის ორბიტაზე ერთდროულად 143 ხელოვნური თანამგზავრი გაიყვანა. ამით მან კოსმოსში ატანილი მიკროსატელიტების რაოდენობით ყველა სხვა მსგავს საფრენ აპარატს აჯობა და ახალი რეკორდი დაამყარა.

ნახეთ: რაკეტამ Falcon 9 მე-8 წარმატებული მისიით ფრენების ახალი რეკორდი დაამყარა

Falcon 9 ფლორიდაში მდებარე კანავერალის კონცხზე მდებარე აშშ-ის სამხედრი-საჰაერო ძალების კუთვნილი ბაზიდან აფრინდა და ჩვენი პლანეტის გარშემო განლაგებულ Starlink-ის თანავარსკვლავედს კიდევ 10 ზონდი შემატა. ამის გარდა, აპარატმა ორბიტაზე ამერიკული კომპანია Planet-ის 48 მიკროსატელიტი, ტაივანის კუთვნილი ხელოვნური თანამგზავრები YUSAT და IDEASat, ასევე, ზონდები Hawk 2 და GNOMES გაიყვანა. აღსანიშნავია, რომ მის ბორტზე კომპანია Celestis-ის ტვირთიც იყო. ეს უკანასკნელი მომხმარებლებს გარდაცვლილი ადამიანების ფერფლისა თუ სხვა ნაშთების კოსმოსში გაგზავნის მომსახურებას სთავაზობს. გაშვებიდან დაახლოებით 10 წუთში რაკეტის პირველი საფეხური ატლანტის ოკეანეში განლაგებულ სპეციალურ პლატფორმაზე უსაფრთხოდ დაეშვა, რაც SpaceX-ის საფრენი აპარატის წარმატებით დაბრუნების 73-ე შემთხვევაა.

 

სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერის კომპანია რაკეტის გაშვებას თავდაპირველად 23 იანვარს გეგმავდა, თუმცა ამინდის გაუარესების გამო ფრენა 24 საათით გადაიდო. Falcon 9-მ ჩვენი პლანეტის ორბიტაზე სატელიტების გაყვანა მომდევნო დღეს, 24 იანვარს შეძლო. ეს აღნიშნული სერიის აპარატებისთვის 103-ე წარმატებული ფრენა, SpaceX-ისთვის კი მიმდინარე წელს განხორციელებული მე-3 მისია იყო.

აღსანიშნავია, რომ რაკეტის ამ პირველ საფეხურს უკვე ხუთი ფრენა აქვს შესრულებული. გასული წლის მაისში მან ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მისიის Demo-2 ფარგლებში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტები რობერტ ბენკენი და დაგლას ჰერლი აიყვანა. აპარატით დედამიწის ორბიტაზე, ასევე, სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების კუთვნილი საკომუნიკაციო სატელიტი და Starlink-ის ხელოვნური თანამგზავრები გაუშვეს, უკანასკნელ მისიამდე კი, გასული წლის დეკემბერში, Falcon 9-მ ჩვენი პლანეტის გარშემო მოძრავ მოდულზე სატვირთო კაფსულა Dragon წაიღო.

NASA-ს მისიის ფარგლებში SpaceX მთვარეზე დასაჯდომ მოდულს გაუშვებს

SpaceX მომდევნო კვირას დედამიწის ორბიტაზე Starlink-ის მიკროსატელიტების მორიგი პარტიის გაშვებას გეგმავს, 2021 წლის ივნისსა და დეკემბერში კი მისიის Transporter ფარგლებში კიდევ ორი ფრენის განხორციელებას აპირებს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ილონ მასკის კომპანიის მიერ შექმნილი რაკეტა NASA-ს მისიაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მთვარეზე ავიაკოსმოსური ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანიის Intuitive Machines დასაჯდომი მოდულის Nova-C გაყვანას ითვალისწინებს. ჩვენი პლანეტის ბუნებრივი თანამგზავრისკენ Falcon 9-ს სავარაუდოდ 2022 წელს გაუშვებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები