Thumbnail

ნახეთ: გერმანიაში უსახლკაროებისთვის ფუტურისტული საძილე კაფსულები დაამონტაჟეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

გერმანიის ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალური მხარის ქალაქ ულმში განლაგებულ ქუჩებსა და პარკებში უსახლკარო ადამიანებისთვის საძილე კაფსულები დაამონტაჟეს, სადაც ისინი სიცივის, ქარისა და წვიმის დროს თავის შეფარებასა და ღამის უსაფრთხოდ გათენებას შეძლებენ. იდეის ავტორთა განცხადებით, ამ ტერიტორიაზე ფუტურისტული კაბინების განთავსება უფრო ადრე იგეგმებოდა, თუმცა ჩანაფიქრის დროულად განხორციელებას კორონავირუსის პანდემიამ შეუშალა ხელი.

ნახეთ: ტოკიოში გამჭვირვალე საზოგადოებრივი საპირფარეშოები დაამონტაჟეს

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ულმის ბუდის" სახელით ცნობილი საძილე კაფსულები ხისა და ფოლადის მასალისგანაა დამზადებული, წყალგაუმტარია, ქარისა და ნესტისგან იცავს და სუფთა ჰაერის ცირკულაციას უზრუნველყოფს. იქ განთავსება ერთდროულად ორ ადამიანს შეუძლია. კაბინები მზის პანელებითაა აღჭურვილი და უსადენო ინტერნეტთანაა დაკავშირებული, რაც მის დროებით ბინადრებს მობილური ქსელების გამოყენების გარეშე კომუნიკაციის საშუალებას აძლევს.

უსახლკარო ადამიანებისთვის განკუთვნილი საძილე კაფსულები

ფოტო: ulmernest

უსახლკარო ადამიანებისთვის განკუთვნილი საძილე კაფსულები

ფოტო: ulmernest

უსახლკარო ადამიანებისთვის განკუთვნილი საძილე კაფსულები

ფოტო: ulmernest

უსახლკარო ადამიანებისთვის განკუთვნილი საძილე კაფსულები

ფოტო: ulmernest

უსახლკარო ადამიანებისთვის განკუთვნილი საძილე კაფსულები

ფოტო: ulmernest

აღსანიშნავია ისიც, რომ უსახლკაროებისთვის განკუთვნილ კაფსულებში სათვალთვალო კამერები დამონტაჟებული არაა. ამის ნაცვლად, კარის გაღებისას სპეციალური სენსორი აქტიურდება და სიგნალს სოციალურ სამსახურს გადასცემს, რომლის წარმომადგენლებიც მომდევნო დღეს "ულმის ბუდის" შესამოწმებლად მიდიან, მის დასუფთავებას უზრუნველყოფენ და იქ მყოფებს დახმარებას სთავაზობენ. პროექტში მონაწილე ტექნოლოგების, დეველოპერებისა და დიზაინერების თქმით, მათ მიერ შექმნილი ინოვაციური პროდუქტი იმ ადამიანებისთვისაა გამიზნული, რომლებიც გარკვეული პრობლემების გამო ტრადიციულ თავშესაფრებში დარჩენას ვერ ახერხებენ, იქნება ეს ფსიქოლოგიური ფაქტორი, ოთხფეხა მეგობრის შეყვანის აკრძალვა თუ სხვა.

სამხრეთ კორეაში ავტობუსის ანტივირუსულ გაჩერებებს ამონტაჟებენ

ამჟამად სპეციალისტები საძილე კაფსულების გაუმჯობესებაზე მუშაობენ, რათა მან ყინვას გაუძლოს და შიგნით მაღალი ტემპერატურა შეინარჩუნოს. უკეთესი მოდელის შექმნის შემთხვევაში, ვარაუდობენ, რომ ულმში მსგავსი კაბინების რაოდენობა უფრო და უფრო გაიზრდება. რაც შეეხება ქალაქის მოსახლეობას, ისინი ახალ ინიციატივას დადებითად შეხვდნენ და მათ მახლობლად დაბინავებულ პირებს ცხელი ჩაითა და საკვებით უმასპინძლდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები