Thumbnail

დედამიწაზე არსებული ყინული რეკორდული სისწრაფით დნება

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

დიდ ბრიტანეთში მდებარე ლიდსისა და ედინბურგის უნივერსიტეტებში მომუშავე მეცნიერების მიერ ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში მოღვაწე კოლეგებთან ერთად ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევამ, რომელიც 23-წლიან პერიოდს მოიცავს, აჩვენა, რომ უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში დედამიწაზე არსებული ყინული რეკორდული სისწრაფით დნება. ნაშრომი გამოცემაში The Cryosphere გამოქვეყნდა.

ჩინეთში მყინვარს დნობის შესაჩერებლად თერმოსაიზოლაციო ქსოვილი გადააფარეს

მკვლევართა მიერ შესწავლილი სატელიტური მონაცემების მიხედვით, 1994 წლიდან 2017 წლამდე დროის მონაკვეთში ჩვენმა პლანეტამ ჯამში 28 ტრილიონი ტონა ყინული დაკარგა. ეს კი 100 მეტრი სისქის მქონე საფარის ექვივალენტურია, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ზომის იქნებოდა. თუ 1990-იან წლებში ყოველ 12 თვეში 0,8 ტრილიონი ტონა ყინული დნებოდა, 2017 წლისთვის ეს მაჩვენებელი 1,3 ტრილიონ ტონამდე გაიზარდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბოლო დეკადებში აღნიშნული პროცესი საგანგაშოდ, 65 პროცენტით დაჩქარდა.

ყველაზე სწრაფად ყინული გრენლანდიასა და ანტარქტიდაზე დნება. 

ნაშრომის ავტორთა განცხადებით, მსოფლიოს სხვა რეგიონებთან შედარებით, ყინული რეკორდული სისწრაფით გრენლანდიასა და ანტარქტიდაზე დნება. ყველაზე დიდი დანაკარგი არქტიკაში აღინიშნა, სადაც 7,6 ტრილიონი ტონა ზღვის ყინული გაქრა, რის მიზეზადაც სპეციალისტები ატმოსფერული ტემპერატურის ზრდას ასახელებენ. მეორე ადგილზე ანტარქტიკაა, სადაც შელფური მყინვარების საერთო წონა 6,5 ტრილიონი ტონით შემცირდა, რასაც სიცხემ და ოკეანეში წყლის დონის მატებამ შეუწყო ხელი. რაც შეეხება ხმელეთზე განლაგებულ მყინვარებს, მათ 6,1 ტრილიონი ტონა ყინულის მასა დაკარგეს.

გაერო: 2100 წლისთვის დედამიწაზე ტემპერატურა, შესაძლოა, 3°C-ით გაიზარდოს

კვლევის თანახმად, ზომაში შემცირებული ყინულის საფარი მზის სხივების სრულად არეკვლას ვეღარ ახერხებს, შედეგად კი ატმოსფეროსა და ოკეანეებს მეტი სითბო გადაეცემა, რაც დნობის პროცესს კიდევ უფრო აჩქარებს. მეცნიერების თქმით, ეს ზღვის დონის მნიშვნელოვნად მომატებას გამოიწვევს და საფრთხეს არა მხოლოდ სანაპიროებთან მცხოვრებ ადამიანებს, არამედ იქ მობინადრე ცხოველებსა და მთლიან ეკოსისტემას შეუქმნის.

კომენტარები

ბოლო ამბები