Thumbnail

კომპანია Hanson Robotics "სოფიას" მსგავსი რობოტების მასობრივ წარმოებას გეგმავს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ჩინეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ჰონგ კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში დაფუძნებული კომპანია Hanson Robotics მიმდინარე წელს ჰუმანოიდი რობოტის ოთხი მოდელის, მათ შორის, სოფიას სახელით ცნობილი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ხელოვნური ინტელექტის მქონე ანდროიდის მასობრივ წარმოებას გეგმავს. კომპანიის წამომადგენლები იმედოვნებენ, რომ მათ მოწყობილობებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჯანდაცვის, ვაჭრობისა თუ ავიაციის სფეროებში წარმატებით გამოიყენებენ.

10 გამორჩეული ჰუმანოიდი რობოტი

"სოფიასა და Hanson Robotics-ის მიერ შექმნილ სხვა რობოტებს ადამიანების მსგავსი გარეგნობა გამოარჩევთ. ეს, შესაძლოა, ძალზე კარგად იქნას გამოყენებული კორონავირუსის პანდემიის პირობებში, როდესაც იზოლაციაში მყოფი მოსახლეობის დიდი ნაწილი თავს მარტოსულად გრძნობს. აღნიშნულ ვითარებაში მსოფლიოში უფრო და უფრო მეტი მსგავსი ტექნოლოგიის დანერგვაა საჭირო, რათა საზოგადოების უსაფრთხოება უზრუნველვყოთ", - აცხადებს Hanson Robotics-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, დეივიდ ჰენსონი.

კომპანია Hanson Robotics-ის მიერ შექმნილი ჰუმანოიდი რობოტი სოფია. ფოტო: Shutterstock 

აღსანიშნავია, რომ Hanson Robotics-მა გასულ წელს ჯანდაცვის სექტორისთვის განკუთვნილი ახალი ჰუმანოიდი რობოტი, სახელად გრეისი გამოუშვა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო იზოლაციაში მყოფ ხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნავს. რაც შეეხება სოფიას, კომპანიამ ანდროიდი 2016 წლის 14 თებერვალს წარადგინა, საჯაროდ კი ის პირველად აშშ-ის ტექსასის შტატის ქალაქ ოსტინში გამართულ ღონისძიებაზე გამოჩნდა. ამის შემდეგ ჰუმანოიდი რობოტი მსოფლიოს არაერთ ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს ეწვია. სოფია რობოტიკის ერთგვარ ელჩად ჩამოყალიბდა, 2017 წელს კი მას საუდის არაბეთის მოქალაქეობა მიანიჭეს. გამორჩეული ხელოვნური ინტელექტის მქონე ანდროიდს ადამიანების ჟესტების მიბაძვა და სახეების ამოცნობა შეუძლია, ასევე, კომუნიკაციის კარგად განვითარებული უნარი აქვს.

ჩინეთში COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებზე რობოტები ზრუნავდნენ

კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში რობოტებს საკმაოდ წარმატებით იყენებენ. მაგალითისთვის, იაპონური კომპანიის SoftBank Robotics მიერ შექმნილი ანდროიდი, სახელად პეპერი სხვადასხვა დაწესებულებაში იმ ადამიანების გამოსავლენად განამწესეს, რომლებსაც დამცავი ნიღბები არ ეკეთათ. ჩინური კომპანიის CloudMinds მიერ დამზადებული რობოტები კი ქალაქ უხანში კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ განკუთვნილ საველე ჰოსპიტალში მოთავსებულ პაციენტებზე ზრუნავდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები