Thumbnail

ნახეთ: ინოვაციური ღილაკი, რომელიც თითის შეხების გარეშე აქტიურდება

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

სინგაპურში დაფუძნებულ დიზაინერულ სტუდიაში Stuck Design მომუშავე სპეციალისტებმა შექმნეს ინოვაციური ღილაკი, რომელიც თითის შეხების გარეშე აქტიურდება და ჩართვა-გამორთვის ფუნქციის მქონე ტრადიციული მოწყობილობების თანამედროვე ალტერნატივას წარმოადგენს. იდეის ავტორთა განცხადებით, Kinetic Touchless-ის სახელით ცნობილი გამოგონება ჩვენი ხელის მოძრაობას სენსორის დახმარებით აფიქსირებს და საპასუხოდ შიგნით იწევს სწორედ ისე, როგორც ეს დაჭერის შემთხვევაში ხდება, შემდეგ კი ისევ საწყის მდგომარეობას უბრუნდება.

კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ეკრანი, რომელიც ბზარებს თავად აღადგენს

Stuck Design-ის თანამშრომლებმა ახალი ტექნოლოგიის შემუშავება კორონავირუსის პანდემიის დროს დაიწყეს, როდესაც სხვა ადამიანებთან ფიზიკური კონტაქტი და ამა თუ იმ სახის ზედაპირზე ხელის შეხება საშიში დაავადების გავრცელების ძირითად წყაროდ იქცა. სტუდიაში აღნიშნავენ, რომ მათ მიერ შექმნილი ღილაკები ამ მხრივ სრულიად უსაფრთხოა. ისინი, შესაძლოა, სხვადასხვა დანიშნულებით გამოვიყენოთ, მაგალითად, ლიფტებში სასურველი სართულის მისათითებლად ისე, რომ COVID-19-ით დასნეულების რისკი თავიდან ავიცილოთ.

Kinetic Touchless-ის სახელით ცნობილი ღილაკი, რომელიც შეხების გარეშე აქტიურდება. ფოტო: Stuck Design

გამოგონების ავტორები ხაზს უსვამენ იმასაც, რომ ახალი ღილაკი მხოლოდ დაჭერის იმიტაციას არ ახდენს და ის ხელის დანარჩენ მოძრაობებსაც შეგვიძლია მოვარგოთ, იქნება ეს გამოქაჩვა, გვერდით გაწევა თუ სხვა. მათი განცხადებით, მსგავსი უკონტაქტო ტექნოლოგიებისგან განსხვავებით, რომლებიც გააქტიურებისას ვიბრირებენ ან ანათებენ, მოქნილი Kinetic Touchless ჩვენთვის უფრო ნაცნობ და ბუნებრივ უკურეაქციას გვთავაზობს, რაც მის გამორჩეულობას განაპირობებს.

მეცნიერებმა შექმნეს ხელოვნური კანი, რომელიც ტკივილს გრძნობს

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამჟამად Kinetic Touchless მხოლოდ პროტოტიპის სახით არსებობს, რომელიც ჯერ კიდევ დახვეწის პროცესშია და ჯერჯერობით უცნობია, როდის ვიხილავთ მის უკვე დასრულებულ, კომერციული წარმოებისთვის განკუთვნილ ვერსიას.

კომენტარები

ბოლო ამბები