Thumbnail

Sony A1 - ახალი 50-მეგაპიქსელიანი ფლაგმანი

კახა მშვიდობაძე
  • ფოტო - 30 კადრი წამში | ვიდეო - 8K, 16bit RAW HDMI გამომსვლელით
  • აშშ-ის ბაზარზე კამერის ფასი 6,500 აშშ დოლარია

კორპორაციამ Sony მომხმარებლებს დღესდღეობით ყველაზე მაღალტექნოლოგიური alpha სისტემის უსარკო ფოტოაპარატი A1 წარუდგინა, რომელშიც თავმოყრილია ყველაფერი, რასაც ბოლო თაობის alpha სერიის კამერებში Sony A9 II, Sony A7RIV და Sony A7SIII ვხვდებით და ცოტა უფრო მეტიც. 

კამერა ახალი 50-მეგაპიქსელიანი Exmor RS სენსორითა და ახალი თაობის BIONZ XR პროცესორითაა აღჭურვილი, რაც ფოტო რეჟიმში 30კ/წ-ით გადაღების საშუალებას იძლევა (ბუფერი 155 კადრი კომპრესირებული RAW), ოღონდ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ეს მხოლოდ ელექტრონული ჩამკეტის შემთხვევაშია შესაძლებელი, მექანიკური ჩამკეტისას კი ეს მონაცემი 10 კ/წ-ში შეადგენს. ასევე ახალი OLED Quad-XGA მაძიებელი აღჭურვილია 9,44 მილიონი წერტილით, განახლების სიხშირით 240 კ/წ-ში, რაც წესით საკმაოდ კარგ გამოსახულებას იძლევა. ამ პარამეტრებით A1-ით სერიული გადაღება 0 blackout-ით არის შესაძლებელი, რაც ძალზე მნიშვნელოვანია რეპორტიორი ფოტოგრაფებისთვის.

Sony A1 - ახალი 50-მეგაპიქსელიანი ფლაგმანი.

Sony-ის ახალი კამერით შესაძლებელია სტანდარტულად JPEG, Raw, HEIF ფორმატებში გადაღება, მაქსიმალური 14 Bit-ით. ISO 100–32 000 (50-102400 გაზრდის შესაძლებლობით). მექანიკური ჩამკეტისას სიჩქარე 1/8000-30 წმ-ია, ელექტრონული ჩამკეტისას კი 1/32 000 - 30 წმ. ექსპოზიციის კომპენსირება -5-დან +5-მდე EV. ფოტო რეჟიმის დროს დინამიკური დიაპაზონი 15 ნაბიჯს აღწევს, რაც საკმაოდ მაღალი შედეგია.

კამერას დამატებული აქვს ძალზე კარგი ფუნქცია - მაშუქის ხმარება ელექტრონული ჩამკეტისას. A1 ასევე პირველი კამერაა, რომელიც მექანიკური ჩამკეტის შემთხვევაში მაშუქის გამოყენებისას 1/400 სიჩქარის საშუალებას იძლევა. ახალ კამერას აქვს Pixel Shift სისტემა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია 199-მეგაპიქსელიანი გამოსახულების მიღება

რაც შეეხება ვიდეო შესაძლებლობებს, A1 Sony-ის პირველი კამერაა, რომელსაც UHD 8K (7680 x 4320) გამოსახულების ჩაწერა შეუძლია. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, აღნიშნული 8K გაფართოება მიიღება 8.6K სენსორიდან გამოსახულების შეკუმშვით.

UHD 8k გამოსახულების ჩაწერა შესაძლებელია 23.976p/25p/29.97p 10 bit 4:2:0 (200 - 400 Mb/s) და XAVC HS კოდეკით. ასევე შესაძლებელია 4K 120p/100p/60p/50p/23.976p/25p/29.97p 10-bit 4:2:2 (30 -200 Mb/s). Full HD-ის შემთხვევაში კი 240 კადრამდე H.264/XAVC S 4:2:0 8-Bit. 8K გამოსახულების ჩაწერის ხანგრძლივობა არის 30 წუთი, რადგან კამერა სპეციალური გაგრილების სისტემითაა აღჭურვილი, თუმცა სხვა ფორმატებში შეზღუდვა არ არის.

A1 S-Cinetone-ის მხარდაჭერით სარგებლობს, რომელიც ასევე აქვს მოდელებს Sony FX6, Sony FX9 და Sony A7SIII. ასევე აღსანიშნავია, რომ კამერას აქვს 15+ ნაბიჯიანი დინამიკური დიაპაზონი S-Log3 გამოყენების დროს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. A ტიპის HDMI გამომსვლელიდან მიიღება 16bit RAW, თუმცა არა 8K, რომლის ჩაწერაც ამ ნაკადით ჯერჯერობით შესაძლებელი არაა.

ახალ კამერაში გაუმჯობესებულია შიდა სტაბილიზაციის სისტემა, რომელიც 5.5-ნაბიჯიანია. უფრო სტაბილური გამოსახულების მისაღებად დამატებულია Active Mode Optical Image Stabilisation რეჟიმი, თუმცა 8K-ს შემთხვევაში ის არ მუშაობს. Sony Catalyst Browse ან Catalyst Prepare პროგრამების მეშვეობით, ასევე შესაძლებელია გამოსახულების სტაბილიზაცია პოსტ პროდაქშენში, რადგან კამერა გიროსკოპული სენსორის მეტადატებს იწერს.

ამ კამერის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა ავტოფოკუსი. მისი 759 წერტილი კადრის 92 პროცენტს ფარავს. პირველად განხორციელდა ფრინველებისა და ცხოველების თვალის ავტოფოკუსი რეალურ დროში (Real-time Eye AF) და ეს f/22-ის შემთხვევაშიც კი შესაძლებელია. გაუმჯობესებულია ასევე თრექინგის სისტემა და ადამიანის თვალის ამომცნობი.

ახალი კამერა ვიზუალურად ალფას სხვა კამერებს ჰგავს, მისი კორპუსი მაღალი სიმკვრივის მაგნიუმის შენადნობისგანაა დამზადებული, რაც მას ნესტ და მტვერგამძლეს ხდის. A1-ს მეხსიერების ბარათის ორი ბუდე აქვს: SDXC / SDHC UHS-I და UHS-II. იგივე ბუდეები CFexpress Type A მაღალსიჩქარიანი ბარათების გამოყენების საშუალებას იძლევა.

A1 იმავე NP-FZ100 ტიპის ელემენტებს იყენებს, რომელიც ბოლო თაობის კამერებშია წარმოდგენილი. აქვს 3-დუიმიანი გადმოსაშლელი და არა გასახსნელი ეკრანი, გამარტივებული მენიუ და Ethernet, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ფოტორეპორტიორებისთვის.

ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე Sony A1-ის ფასი 6,500 აშშ დოლარია.

კომენტარები

ბოლო ამბები