Thumbnail

15 უცნაური და სახალისო ისტორიული ფოტოსურათი

ლევან გოგუაძე პროფილის ფოტო
ლევან გოგუაძე

ჩვენამდე მოღწეული უძველესი ფოტო საფრანგეთის ბურგუნდია-ფრანშ-კონტეს რეგიონში მდებარე სან ლუ დე ვარენის კომუნაში მცხოვრებმა გამომგონებელმა, ჟოზეფ ნეფსმა საკუთარი სახლის ფანჯრიდან, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ 1826 წელს გადაიღო. მას შემდეგ ორ საუკუნეზე მეტი გავიდა, ფირზე კი ამა თუ იმ ისტორიული მოვლენის ამსახველი ასიათასობით კადრი აღიბეჭდა. მათ შორის 15 განსაკუთრებით სახალისო თუ უცნაური სურათის დათვალიერებას ჩვენს სტატიაში შეძლებთ.

უცნაური და სახალისო ისტორიული ფოტოსურათები

ეს ფოტო 1926 წლის აპრილში, აშშ-ის კოლორადოს შტატის ქალაქ ქენონ სითიშია გადაღებული. იმ პერიოდში კუ კლუქს კლანი მთელი ქვეყნის მასშტაბით დიდი პოპულარობით სარგებლობდა და მისი წევრობა საპატიოდაც კი მიიჩნეოდა. ორგანიზაციის რიგებში არაერთი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი ირიცხებოდა. მათ შორის იყვნენ კოლორადოს გუბერნატორი, კლერენს მარლიცა და ადგილობრივი გასართობი პარკის მფლობელი, უილიამ ფორსაიტი, რომელმაც თანამოძმეები ქალაქში ახლად ჩამოტანილ ეშმაკის ბორბალზე დროის გასატარებლად მიიწვია.

უცნაური და სახალისო ისტორიული ფოტოსურათები

1930-იან წლებში გადაღებულ ამ ფოტოს, რომელზეც უზარმაზარი სკაროსია გამოსახული, ხშირად ყალბად მიიჩნევენ. თუმცა, როგორც იმდროინდელი გაზეთები მოწმობს, 1933 წლის 26 აგვისტოს მეგობრებთან ერთად ნიუ ჯერსიში სათევზაოდ წასულმა ნიუ იორკელმა ბიზნესმენმა, კაპიტანმა კაანმა გიგანტური მანტა მართლაც დაიჭირა. თევზი ღრმა წყალში მყოფი იახტის ღუზას შემთხვევით გამოედო და გათავისუფლების მცდელობისას ხომალდი ლამის ჩაძირა. ეკიპაჟის წევრებისა და სკაროსის სამსაათიანი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა სანაპირო დაცვის თანამშრომლების გამოჩენით დასრულდა, რომლებმაც ის წყლის ზედაპირზე ამოათრიეს და 22 გასროლით მოკლეს. 6 მეტრი სიგანისა და დაახლოებით 2,5 ტონა წონის თევზის ხილვა ათასობით ადამიანმა მოისურვა. კაპიტანმა ამით ისარგებლა, ცნობისმოყვარე მნახველებისგან ფული შეაგროვა და ადგილობრივ სახანძრო სამსახურს ახალი მანქანის შესაძენად გადასცა, შემდეგ კი სკაროსისგან ფიტული დაამზადებინა, რათა მსურველებს ამა თუ იმ გამოფენაზე მისი ნახვის საშუალება კვლავაც ჰქონოდათ. სურათზე კაანი სწორედ მის წინ პოზირებს.

უცნაური და სახალისო ისტორიული ფოტოსურათები

1975 წლის აპრილში, როდესაც აშკარა გახდა, რომ სამხრეთ ვიეტნამი და მოკავშირეები კომუნისტების წინააღმდეგ ომში მარცხდებოდნენ, ამერიკის პრეზიდენტმა, ჯერალდ ფორდმა ქვეყნიდან დაობლებული ბავშვების გამოყვანის ბრძანება გასცა, რათა ლტოლვილად ქცეული რამდენიმე ათასი მცირეწლოვანი მზრუნველი ოჯახებისთვის ჩაებარებიათ. მათ შორის იყვნენ ამავე წლის 12 აპრილს გადაღებულ ფოტოზე გამოსახული, თვითმფრინავის სკამეზე მიბმულ ყუთებში მწოლიარე ჩვილებიც.  

უცნაური და სახალისო ისტორიული ფოტოსურათები

1875 წელს გადაღებულ ამ ფოტოზე მუმიების ვაჭარია გამოსახული. მათი გაყიდვა განსაკუთრებით ხელსაყრელი მას შემდეგ გახდა, რაც ნაპოლეონ ბონაპარტმა 1798 წელს ეგვიპტე დალაშქრა, რამაც ამ ქვეყნითა და მისი კულტურით არაერთი ევროპელის დაინტერესება განაპირობა. ეგვიპტომანიით შეპყრობილი წარჩინებულები ხშირად ყიდულობდნენ პირამიდებისა თუ სარკოფაგების გაძარცვისას აღმოჩენილ ბალზამირებულ ნეშტებს, შეისწავლიდნენ მათ, სხეულის ნარჩენებისგან საღებავებსა თუ კოსმეტიკურ საშუალებებს ამზადებდნენ და მუმიის განძარცვის სპეციალურ წვეულებებს მართავდნენ.

უცნაური და სახალისო ისტორიული ფოტოსურათები

მე-20 საუკუნის დასაწყისში ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობა საცურაო კოსტიუმის ფორმასა და ზომას საკმაოდ მკაცრად აკონტროლებდა. ამ ფოტოზე, რომელიც, სავარაუდოდ, 1921 წელს ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ატლანტიკ სითიშია გადაღებული, პოლიციელი ზომავს, რა მანძილიითაა დაშორებული სამოსის ბოლო მუხლს. იმ შემთხვევაში, თუ ეს სიგრძე 15,3 სანტიმეტრს აღემატებოდა, წესების დამრღვევს სანაპიროს დატოვება უწევდა, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი ჯარიმა ან პატიმრობა ემუქრებოდა.

უცნაური და სახალისო ისტორიული ფოტოსურათები

სერბული წარმოშობის ამერიკელმა მეცნიერმა, ნიკოლა ტესლამ საკუთარ კოჭაზე მუშაობა ჯერ კიდევ 1889 წელს დაიწყო, ორი წლის შემდეგ კი მისი პროტოტიპი პირველად დააპატენტა.1899 წლით დათარიღებულ სურათზე ქალაქ კოლორადო სფრინგსში მდებარე ლაბორატორიაში მყოფი ლეგენდარული ფიზიკოსი სწორედ ამ გამოგონებასთან ერთადაა გამოსახული. ფოტოს გადაღების მომენტში დანადგარი მილიონობით ვოლტს გამოიმუშავებდა.

უცნაური და სახალისო ისტორიული ფოტოსურათები

ფრანგმა მოქანდაკემ, მარია ტიუსომ ცვილის ფიგურების მუზეუმი ლონდონში 1835 წელს დააფუძნა. მისი კოლექცია ცნობილი ადამიანების სკულპტურებით ათწლეულების განმავლობაში მდიდრდებოდა, თუმცა 1925 წლის 18 მარტს ბეიკერ სთრითზე მდებარე შენობის ზედა სართულზე გაჩენილმა ხანძარმა მათი დიდი ნაწილი იმსხვერპლა, მუზეუმი კი თითქმის სამი წლით დაიკეტა. ამ ფოტოზე სწორედ უბედური შემთხვევისას დაზიანებული ნამუშევრებია გამოსახული.

უცნაური და სახალისო ისტორიული ფოტოსურათები

ლეგენდარულმა ამერიკელმა მულტიპლიკატორმა, უოლტ დისნეიმ მიკი მაუსის პერსონაჟი მხატვარ იუბ აივერიქსთან ერთად ჯერ კიდევ 1928 წელს შექმნა. 1930 წელს კი მისი პირველი კლუბი დაფუძნდა, რომლის ათიათასობით წევრიც მიკის შოუების სანახავად სხვადასხვა შტატში მდებარე კინოთეატრებს დიდი სიხარულით სტუმრობდა. ამ ფოტოზე, სავარაუდოდ, კალიფორნიის ქალაქ სანტა მონიკაში, ოუშენ პარკის სცენაზე გამართული ერთ-ერთი პირველი შეხვედრაა გამოსახული.

უცნაური და სახალისო ისტორიული ფოტოსურათები

1913 წელს აშშ-ის ფოსტამ ახალი სერვისი დანერგა და მომხმარებლებს წერილებთან ერთად მცირე ზომის, 22 კილოგრამამდე ამანათების გაგზავნის საშუალებაც მისცა. ისტორიული წყაროები მოწმობს, რომ ამ შესაძლებლობით ათამდე მშობელმა მაინც ისარგებლა.მათ საკუთარ შვილს რამდენიმე ცენტის ღირებულების მარკა დააკრეს და ასეულობით კილომეტრის დაშორებით მცხოვრებ ბებია-ბაბუებთან თუ სხვა ნათესავებთან გაგზავნეს. თუმცა, შემთხვევების გახმაურების შემდეგ ამ გზით ნებისმიერი წონისა და ასაკის ადამიანის გადაყვანა სასტიკად აიკრძალა. ამერიკის ფოსტის ეროვნულ მუზეუმში დაცულ, 1910-იან წლებში გადაღებულ ამ სახალისო ფოტოზე კურიერი სწორედ საფოსტო ჩანთით მცირეწლოვნის გადაყვანის სცენას ასახიერებს.

უცნაური და სახალისო ისტორიული ფოტოსურათები

კენგურუსა და ადამიანს შორის კრივში შეჯიბრის გამართვა ჯერ მე-19 საუკუნის ავსტრალიაში, შემდეგ კი ევროპასა და ამერიკაშიც გახდა პოპულარული. ჩანთოსანი ცხოველები საცირკო წარმოდგენებსა თუ ბაზრობებზე არცთუ იშვიათად ჩნდებოდნენ და ზოგჯერ პროფესიონალ სპორტსმენებსაც უპირისპირდებოდნენ, შერკინებისას კი მოწინააღმდეგეს ხშირად წელს ქვემოთ, აკრძალულ არეში დარტყმით ამარცხებდნენ. ერთ-ერთი ასეთი ბრძოლის ამსახველი ფოტო საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში 1932 წელსაა გადაღებული.

უცნაური და სახალისო ისტორიული ფოტოსურათები

მას შემდეგ, რაც 1929 წელს ნიუ იორკში, მეხუთე ავენიუზე მდებარე "უოლდორფ-ასტორია" ემფაიარ სთეით ბილდინგისთვის ადგილის გამოსათავისუფლებლად დაანგრიეს, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული სასტუმროს ახალი 47-სართულიანი შენობის აგება პარკ ავენიუზე დაიწყო. 1930 წელს გადაღებულ ამ ფოტოზე მიმტანები სწორედ მის მშენებლებს ემსახურებიან. 

უცნაური და სახალისო ისტორიული ფოტოსურათები

ამ უცნაური გამოგონების პირველი პატენტი 1922 წელს მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ექიმები ბავშვებში იმუნიტეტის განვითარებაზე სუფთა ჰაერისა და მზის სხივების გავლენის შესახებ განსაკუთრებით აქტიურად ალაპარაკდნენ. პატარების გასანიავებლად ფანჯრის რაფაზე დამაგრებულ გალიებს კორპუსებში მცხოვრები ამერიკელი და ბრიტანელი მშობლების ნაწილი მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით თითქმის ორი დეკადის განმავლობაში იყენებდა. 1923 წლით დათარიღებული მტირალი ჩვილის ეს ფოტო კი ლონდონში, ბლუმბსერის დასახლებაშია გადაღებული. 

უცნაური და სახალისო ისტორიული ფოტოსურათები

1968 წელს გამოცემა Time-ისთვის გადაღებულ ამ ფოტოზე ლუქსემბურგული წარმოშობის ამერიკელ გამომგონებელს, მწერალსა და მსოფლიოში პირველი სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟურნალის Amazing Stories რედაქტორს, ჰიუგო გერნსბეკს ტელესათვალის პროტოტიპთან ერთად ხედავთ. იმის მიუხედავად, რომ 140-გრამიან, კვების ავტონომიური წყაროთი და ორი ეკრანით აღჭურვილ ამ ფუტურისტულ ხელსაწყოს სამგანზომილებიანი გამოსახულების ილუზიის შექმნაც კი შეეძლო, მისი მასობრივი წარმოება არასდროს დაწყებულა.  

უცნაური და სახალისო ისტორიული ფოტოსურათები

1912 წელს აშშ-ის აიოვას შტატის ქალაქ მარშალთაუნში გადაღებულ ამ ფოტოზე ლეგენდარული ბუფალო ბილის ველური დასავლეთის შოუებში მონაწილეობის მისაღებად გურიიდან ჩასულ მხედრებს ხედავთ. მოჯირითეებმა, რომლებსაც ხშირად რუს კაზაკებად ასაღებდნენ, უცხო ქვეყანაში დიდ წარმატებას მიაღწიეს. 1892-1917 წლებში ისინი საცხენოსნო წარმოდგენების მნიშვნელოვან ნაწილად იქცნენ და სხვადასხვა დროს ინგლისის დედოფალ ვიქტორიასა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებსაც შეხვდნენ.

უცნაური და სახალისო ისტორიული ფოტოსურათები

მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ამერიკელი ინოვატორი და კორპორაცია Microsoft-ის დამფუძნებელი, ბილ გეითსი 1994 წელს დაახლოებით 330 ათასი ფურცლის თავზე იმის სადემონსტრაციოდ მოექცა, თუ რა მოცულობის ინფორმაციის დატევა შეუძლია ერთ კომპაქტ დისკს. სხვადასხვა ცნობით, ფოტოს გადასაღებად მომზადებას რამდენიმე კვირა და ათიათასობით დოლარი დასჭირდა.

კომენტარები

ბოლო ამბები