Thumbnail

ნახეთ: პაკისტანელმა პილოტებმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტი დააფიქსირეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზებში მომუშავე პილოტებმა პენჯაბის პროვინციის ქალაქ რაჰიმ იარ ხანის თავზე დაახლოებით 11 კილომეტრის სიმაღლეზე მოძრავი ამოუცნობი მფრინავი ობიექტი დააფიქსირეს. მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა მედიასა და სოციალურ ქსელებში მალევე გავრცელდა და საზოგადოების დიდი ყურადღება დაიმსახურა.

ნახეთ: ჰავაის კუნძულებზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი დააფიქსირეს

თვითმხილველებმა თეთრი შეფერილობის უჩვეულო წრიული ნათება Airbus A320 ტიპის ავიალაინერიდან შენიშნეს, რომელიც ქალაქ ლაჰორიდან კარიჩის მიმართულებით რეგულარულ რეისს ასრულებდა. პილოტების განცხადებით, ობიექტი მათგან 300 მეტრით მაღლა დაფრინავდა და იმის მიუხედავად, რომ ჯერ კიდევ დღის სინათლე იყო, გამორჩეულად კაშკაშებდა. ისინი დაუყოვნებლად ავიასადისპეჩერო სამსახურს დაუკავშირდნენ, რათა გაეგოთ, გადაადგილდებოდა თუ არა მათთან ახლოს სხვა საჰაერო აპარატი, თუმცა კითხვაზე უარყოფითი პასუხი მიიღეს.

 

გავრცელებულ ვიდეომასალაში კარგად ჩანს ხმელეთიდან 11 კილომეტრამდე სიმაღლეზე მოძრავი ავიალაინერის მახლობლად ჰაერში გამოკიდებული მფრინავი ობიექტი, რომელიც დროდადრო იკუმშება და ფართოვდება. ცის ერთსა და იმავე მონაკვეთში მისი ამგვარი პულსირება მცირე მასშტაბის აფეთქებებს მოგვაგონებს. თვითმფრინავის პილოტები მედიასთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ ეს უცნაური ნათება ბუშტს ან საჰაერო ხომალდს სულაც არ ჰგავდა და შესაძლოა, მაგალითად, კოსმოსური სადგური ყოფილიყო.

ნახეთ: პენტაგონმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ამსახველი 3 ვიდეო გამოაქვეყნა

თვითმხილველებმა პროტოკოლის მოთხოვნების შესაბამისად მომხდარის შესახებ პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზებს შეატყობინეს. მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, თუ რას შეეძლო გამოეწვია მსგავსი ნათება რაჰიმ იარ ხანის თავზე, თუმცა ოფიციალური პირები არ გამორიცხავენ, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტის წარმომავლობის გარკვევა საერთოდ ვერ მოხერხდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები