Thumbnail

რუსეთში Starlink-ის ინტერნეტით სარგებლობისთვის, შესაძლოა, ჯარიმები დაწესდეს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

რუსეთის ხელისუფლებამ, შესაძლოა, საკუთარ მოქალაქეებსა და ქვეყანაში მოქმედ ორგანიზაციებს აეროკოსმოსური ტექნიკის მწარმოებელი ამერიკული კომპანია SpaceX-ის მიერ შემოთავაზებული Starlink-ის ინტერნეტით სარგებლობა აუკრძალოს. მისი გამოყენების შემთხვევაში ფიზიკურ პირებს ჯარიმის სახით 10 ათასიდან 30 ათასამდე რუბლის ($135 - $405), იურიდიულ პირებს კი 500 ათასიდან 1 მილიონამდე რუბლის ($6,750 - $13,500) გადახდა მოუწევთ. ამის შესახებ გამოცემის Popular Mechanics რუსულენოვანი ვერსია იუწყება.

Starlink-ის ინტერნეტი აშშ-ში არსებული ქსელების უმეტესობაზე სწრაფია

რუსეთში Starlink-ის ქსელით სარგებლობის შესაძლო აკრძალვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი გამოეხმაურა.

"ჩვენ მხოლოდ მარსზე ადამიანების წაყვანას ვცდილობთ. ამ საქმეში დახმარებას ძალიან დავაფასებთ", - დაწერა მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა თავის ტვიტერის გვერდზე.

რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს, სახელმწიფო დუმის წევრთა განცხადებით, Starlink-ის ინტერნეტით სარგებლობა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების სისტემისთვის (SORM) თავის არიდების საშუალებას იძლევა, რომელიც კანონის თანახმად, ქვეყანაში მოქმედი სატელეკომუნიკაციო და მობილური ქსელების მიყურადებას ახორციელებს. აქედან გამომდინარე, SpaceX-ის ეს სერვისი პუტინის ავტორიტარული ხელისუფლებისთვის, რომელიც მკაცრად აკონტროლებს ადგილობრივ მედიასა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებს, საფრთხის შემცველია. ექსპერტების აზრით, შექმნილ ვითარებაში რუსეთისთვის რთული იქნება სანქციები ინტერნეტის მომწოდებელს დააკისროს, ამიტომ Starlink-ზე წვდომის შეზღუდვას საკუთარი მოქალაქეების დაჯარიმებით შეეცდება.

Starlink-ის სატელიტები ღამის ცაზე. 

რუსეთის ხელისუფლების მიერ Starlink-ის სერვისის დაბლოკვას მხარს უჭერს ქვეყნის კოსმოსური სააგენტო "როსკოსმოსის" გენერალური დირექტორი, დიმიტრი როგოზინი, რომელიც NASA-სა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ SpaceX-ის დაფინანსებას ეჭვის თვალით უყურებს და აცხადებს, რომ ეს პროექტი, შესაძლოა, სრულიად სხვა მიზნებს ემსახურებოდეს, ვიდრე დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან მაღალი სიჩქარის ინტერნეტთან წვდომის უზრუნველყოფაა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ რუსეთი ჩვენი პლანეტის გარშემო ხელოვნური თანამგზავრების საკუთარი თანავარსკვლავედის შექმნას აპირებს. დედამიწის ორბიტაზე სატელიტების გაშვებას ქვეყანა 2024 წლიდან გეგმავს. წინასწარი ინფორმაციით, ამ პროექტის განსახორციელებლად 20 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყოფა.

Starlink-ის ინტერნეტი უკვე ბრიტანეთშიც ხელმისაწვდომია

Starlink-ის სერვისის ბეტა ვერსიის საჯარო ტესტირება 2020 წლის 26 ოქტომბერს კანადის სამხრეთ პროვინციებსა და აშშ-ის ჩრდილოეთ შტატებში დაიწყო, სადაც მისმა სიჩქარემ ყველა მოლოდინს გადააჭარბა და წამში 174 მეგაბიტსაც კი მიაღწია. სპეციალური მარეგულირებელი ორგანოების მიერ ნებართვის გაცემის შემდეგ კი SpaceX-ის მიერ მოწოდებული ინტერნეტით სარგებლობა უკვე დიდი ბრიტანეთში, საბერძნეთში, ავსტრალიასა და გერმანიაშია შესაძლებელი. ილონ მასკის კომპანიამ აშშ-ის ფედერალური საკომუნიკაციო კომისიისგან (FCC) დედამიწის გარშემო 12 ათასი ხელოვნური თანამგზავრის განლაგების ნებართვა უკვე მიიღო და მომავალში ორბიტაზე 30 ათასამდე მიკროსატელიტის განთავსების უფლების მოპოვებას შეეცდება. პროექტის დასრულების შემდეგ Starlink-ის ინტერნეტი თითქმის მთელ მსოფლიოში იქნება ხელმისაწვდომი.

კომენტარები

ბოლო ამბები