Thumbnail

ნახეთ: თოვლის ფიფქების ამსახველი ყველაზე მაღალი გარჩევადობის ფოტოსურათები

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკელმა მეცნიერმა, გამომგონებელმა, ფოტოგრაფმა და კომპანია Microsoft-ის ყოფილმა ტექნოლოგიურმა დირექტორმა, ნათან მირვოლდმა თავისივე შექმნილი 100-მეგაპიქსელიანი კამერით თოვლის ფიფქების ამსახველი ყველაზე მაღალი გარჩევადობის ფოტოსურათები გადაიღო. ყინულის პაწაწინა კრისტალების აღსაბეჭდად მან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე იმოგზაურა.

► ნახეთ: მსოფლიოში უდიდესმა ციფრულმა კამერამ 3200-მეგაპიქსელიანი ფოტოები გადაიღო

თოვლის ფიფქების გადაღების იდეა ნათანს პირველად 15 წლის წინ დაებადა, თუმცა მისი განხორციელება მხილოდ ახლა შეძლო. ფოტოგრაფს 18 თვე დასჭირდა ინოვაციური მოწყობილობის შესაქმნელად, რომელიც 500 მიკროწამზე ნაკლები დაყოვნების კამერასა და მიკროსკოპს აერთიანებს, 22 კილოგრამზე მეტს იწონის და 1.5 მეტრი სიმაღლისაა. ამასთან, ის თერმოელექტრული გაგრილების სისტემითაა აღჭურვილი და ნახშირბადის ბოჭკოებისგან დამზადებული კორპუსი, ასევე, LED ტიპის დაბალიმპულსური მაშუქი აქვს. ეს კი ყინულის კრისტალების დნობის პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებს, რადგან მათკენ ნაკლები სითბოა მიმართული.

ნათან მირვოლდს კამერის შესაქმნელად 18 თვე დასჭირდა. ფოტო: Modernist Cuisine Gallery

ნათანმა თოვლის ფიფქები აშშ-ის ალასკას შტატსა და კანადის ქალაქ იელოუნაიფში გადაიღო, სადაც მსგავსი ფოტოსესიისთვის ხელსაყრელი ტემპერატურა, -15-დან -20-მდე გრადუსი ცელსიუსით ფიქსირდება. ნიმუშების შესაგროვებლად მან საფირონის სპეციალური ფირფიტა გამოიყენა, რომელიც მინის მასალაზე ნაკლები თერმული გამტარობით ხასიათდება. თითოეული კრისტალი ფოტოგრაფმა სხვადასხვა მანძილიდან 100-ზე მეტ კადრზე აღბეჭდა, რომელთა გაერთიანების გზითაც დეტალური გამოსახულებები მიიღო.

► დღის ფოტო: მზის დეტალური გამოსახულება

ხელოვანის ნამუშევრებში განსხვავებული ზომისა და ფორმის ფიფქებს ვხვდებით. მათ შორისაა ე.წ. ვარსკვლავისებური დენდრიტი, რომელსაც ეს სახელწოდება ხის ტოტების მსგავსი წანაზარდების გამო აქვს. წყლის მოლეკულების შეერთების შედეგად ფორმირებული ექვსკუთხა კრისტალები -15 გრადუს ტემპერატურაზე წარმოიქმნება და მრავალ განშტოებას იკეთებს, რაც მას ვიზუალურად გამორჩეულს ხდის.

ფიფქების ამსახველი მაღალი გარჩევადობის სურათები

ფოტო: Nathan Myhrvold

ფიფქების ამსახველი მაღალი გარჩევადობის სურათები

ფოტო: Nathan Myhrvold

ფიფქების ამსახველი მაღალი გარჩევადობის სურათები

ფოტო: Nathan Myhrvold

კომენტარები

ბოლო ამბები