Thumbnail

კომპანიამ Boston Dynamics რობოტი ძაღლის ახალი ვერსია წარადგინა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ Boston Dynamics თავისი ცნობილი რობოტი ძაღლის გაუმჯობესებული ვერსია Spot Enterprise წარადგინა, რომელიც საკუთარ ელემენტს სპეციალური უსადენო დამტენის საშუალებით დამოუკიდებლად, ადამიანის დახმარების გარეშე მუხტავს. აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენებით ახალი მოდელი შორ დისტანციაზე მუშაობას თავისი წინამორბედებისგან განსხვავებით უფრო დიდი ხნის განმავლობაში შეძლებს.

► NASA მარსზე რობოტი ძაღლის გაგზავნას გეგმავს

Spot Enterprise დასამუხტ სადგურს ამ უკანასკნელზე განთავსებული შტრიხკოდის მსგავსი ნიშნის ამოცნობის შემდეგ, სანავიგაციო სისტემის დახმარებით აგნებს. მასთან განსაზღვრულ მანძილზე მიახლოებისას რობოტი დაბლა იწევა და უსადენო მოწყობილობას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ თუ წინა მოდელის Spot Explorer ელემენტი 90 წუთის განმავლობაში ძლებდა და მისი ფუნქციონირების დრო შეზღუდული იყო, ახალ Spot Enterprise-ს ადგილზე დარჩენა და დავალების შესრულება განუსაზღვრელი ვადით შეუძლია. ამის გარდა, დასამუხტი სადგური ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს, რაც რობოტს ექსპედიციისას შეგროვებული მონაცემების უფრო სწრაფად გაზიარების საშუალებას აძლევს.

რობოტი ძაღლი Spot Enterprise და უსადენო დამტენი. ფოტო: Boston Dynamics 

Boston Dynamics-მა რობოტი ძაღლის გაუმჯობესებულ ვერსიასთან ერთად საზოგადოებას ახალი პროგრამა Scout გააცნო, რომელიც მომხმარებლებს მოწყობილობის მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მართვის საშუალებას აძლევს. შესაძლებელია, ასევე, ავტომატური მართვის რეჟიმის გააქტიურება, რის შემდეგაც რობოტი წინასწარ დაპროგრამებულ მოქმედებებს ასრულებს. იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიის მიერ შექმნილ მოწყობილობებს უმეტესად მიწისქვეშ, მაღაროებისა და ნავთობის საბადოების დასათვალიერებლად აგზავნიან, ახალ ტექნოლოგიას მუშაობა ნელი ინტერნეტის პირობებშიც შეუძლია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამისთვის სულ რაღაც 3 მეგაბიტი/წამში სიჩქარეა საკმარისი.

► ნახეთ: რობოტი ძაღლი ცხვრის ფარას მწყემსავს

კომპანიის მიერ წარმოდგენილ ახალ პროდუქტებს შორისაა რობოტი მკლავი, რომელიც მოწყობილობის თავზე მაგრდება. მეხუთე კიდურის დახმარებით რობოტ ძაღლს კარებისა და სარქველების გაღება-დაკეტვა, ღილაკების ჩართვა-გამორთვა და კიდევ უამრავი მოქმედების შესრულება შეუძლია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მკლავის დამონტაჟება Spot-ის ნებისმიერ მოდელზეა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ Boston Dynamics-მა ვიდეო, რომელშიც რობოტი მკლავის პროტოტიპი კარის გაღებას ცდილობს, ჯერ კიდევ 2018 წელს გაავრცელა. თუმცა, როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, მისი ახალი ვერსია ბევრად უფრო დახვეწილი და პრაქტიკულია.

 

Boston Dynamics-მა ოთხფეხა რობოტი საზოგადოებას 2016 წლის ივნისში წარუდგინა, 2019 წლის სექტემბრიდან კი მისი გაყიდვა დაიწყო. თავდაპირველად მოწყობილობა მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებისთვის, კვლევითი ორგანიზაციებისთვის, ცალკეული ბიზნესებისა და რამდენიმე კერძო პირისთვის იყო ხელმისაწვდომი, გასული წლის ივნისის თვიდან კი მისი შეძენა ნებისმიერ მსურველს 74,500 აშშ დოლარად შეუძლია. ცნობილია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ 400-ზე მეტი რობოტი ძაღლი გაყიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები