Thumbnail

ზღვის დონე იმაზე სწრაფად იმატებს, ვიდრე აქამდე გვეგონა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

დანიაში მდებარე კოპენჰაგენის უნივერსიტეტთან არსებულ ნილს ბორის სახელობის ინსტიტუტსა და ნორვეგიის ბერკნესის სახელობის კლიმატური კვლევების ცენტრში მომუშავე მეცნიერთა განცხადებით, ზღვის დონე იმაზე სწრაფად იმატებს, ვიდრე აქამდე გვეგონა. გამოცემაში Ocean Science გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორები ირწმუნებიან, რომ თანამედროვე მოდელებზე დაფუძნებული პროგნოზები, თუნდაც ყველაზე პესიმისტური, მოსალოდნელ საშიშროებას სათანადოდ ვერ აფასებს.

დედამიწაზე ახლა უფრო ცხელა, ვიდრე ბოლო 12 ათასი წლის განმავლობაში

სპეციალისტები ამ დასკვნამდე მათ მიერ შემუშავებულმა ახალმა მეთოდმა მიიყვანა, რომლის ფარგლებშიც ზღვის დონის მატების ამსახველი ტრადიციული კლიმატური მოდელების სისწორის დასადგენად მათ ისინი ადრეულ მონაცემებს შეადარეს. კვლევამ 25-სანტიმეტრიანი სხვაობა აჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღესდღეობით არსებული პროგნოზები არაზუსტია და რეალობას არ შეესაბამება. უფრო მეტიც, ნაშრომის ავტორები მათ ზედმეტად ფრთხილსა და ცვლილებების მიმართ არასაკმარისად მგრძნობიარეს უწოდებენ.

ზღვის დონის მატება სანაპიროებზე მცხოვრებ მოსახლეობას მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე აყენებს.

მკვლევართა თქმით, ოკეანეებში წყლის დონე უმეტესწილად დედამიწის ზედაპირზე დაფიქსირებული ტემპერატურის მიხედვით იცვლება. მათი გამოთვლებით, თუ მიმდინარე საუკუნის დასასრულს დღევანდელთან შედარებით 0,5 გრადუსი ცელსიუსით უფრო დაცხება, შედეგად დაახლოებით ნახევარი მეტრით მომატებულ ზღვის დონეს მივიღებთ, ტემპერატურის 2- გრადუსიანი მატების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 1 მეტრს გადააჭარბებს. შესაბამისად, იზრდება ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაციის შემცირების საჭიროებაც. თუ გვინდა, რომ საგანგაშო ზღვარს არ გადავაბიჯოთ, ჰაერში არსებულ მავნე ნივთიერებებს შორის 200 მილიარდი მეტრული ტონით ნაკლები ნახშირბადი უნდა იყოს, რაც 5 წლის განმავლობაში დაგროვებული ემისიების საერთო რაოდენობას შეესაბამება.

დედამიწაზე არსებული ყინული რეკორდული სისწრაფით დნება

დანიელი და ნორვეგიელი მეცნიერების ვარაუდის გამართლების შემთხვევაში, სანაპიროების მახლობლად მცხოვრები მოსახლეობის ორი მეხუთედი ისევე, როგორც მთლიანი ეკოსისტემა, მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშეა. მათთვის მიყენებული ზარალი, შესაძლოა, ტრილიონობით აშშ დოლარს მიუახლოვდეს. არაა გამორიცხული ისიც, რომ ზღვის დონის მატებამ წყალდიდობები და შტომები გააძლიეროს, რაც უფრო დიდ საშიშროებას ქმნის.

კომენტარები

ბოლო ამბები