Thumbnail

ჩინეთში შობადობის მაჩვენებელი 15 პროცენტით შემცირდა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ჩინეთში, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფოა, გასულ წელს შობადობის მაჩვენებელი დაახლოებით 15 პროცენტით შემცირდა. ქვეყნის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს მიერ ახლახან გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს იქ საერთო ჯამში 10,03 მილიონი ახალშობილი დარეგისტრირდა, მაშინ, როდესაც ერთი წლით ადრე ეს რიცხვი 11,79 მილიონს შეადგენდა.

► 2100 წლისთვის დედამიწაზე 8.8 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს

სპეციალისტების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთში შობადობის კლების ტენდენცია შენარჩუნდება, ის უახლოეს მომავალში მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერების პრობლემის წინაშე აღმოჩნდება. შესაბამისად, შემცირდება მუშახელის რაოდენობაც, რაც ქვეყნის ეკონომიკას უდიდეს საფრთხეს შეუქმნის. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ჩინეთში 60 წელზე უფროსი ასაკის 250 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რაც აზიაში მდებარე ამ სახელმწიფოს მოსახლეობის დაახლოებით 18 პროცენტს შეადგენს. მეცნიერთა ვარაუდით, 2050 წლისთვის ეს რიცხვი 480 მილიონამდე გაიზრდება და ხანდაზმულთა რაოდენობა ქვეყნის პოპულაციის მესამედს გაუტოლდება.

მეცნიერთა ვარაუდით, მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი სახელმწიფოს სტატუსს ჩინეთი მალე ინდოეთს გადააბარებს.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთში შობადობის კოეფიციენტის კლებას ხელი 1979-2015 წლებში გატარებულმა დემოგრაფიულმა პოლიტიკამ შეუწყო, რომელიც წყვილებს ერთზე მეტი შვილის ყოლას უკრძალავდა. რეგულაციის დამრღვევთათვის ხელისუფლებამ საკმაოდ დიდი ჯარიმები დააწესა, რის გამოც, ქვეყანაში აბორტების რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა. შედეგად, თუკი 1960-1965 წლებში ჩინელი ქალი საშუალოდ 6 ბავშვს აჩენდა, 1995-დან 2014 წლამდე პერიოდში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1,5-მდე შემცირდა. ამის საპირისპიროდ გაიზარდა ხანდაზმულთა რიცხვი და თუ 1965 წელს 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანთა რაოდენობა ჩინეთის მოსახლეობის მხოლოდ 3,36 პროცენტს შეადგენდა, 2015 წლისთვის აღნიშნულმა მაჩვენებელმა 10 პროცენტს მიაღწია.

► 2050 წლისთვის მილიარდზე მეტ ადამიანს იძულებით გადასახლება ემუქრება

იმის მიუხედავად, რომ ჩინეთის მთავრობამ 2015 წლის ოქტომბრიდან წყვილებს ორი შვილის ყოლის ნება დართო, ქვეყანაში შობადობის კლების ტენდენცია მაინც შენარჩუნდა. მეცნიერთა ვარაუდით, მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარების შემთხვევაში მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი სახელმწიფოს სტატუსი მალე ინდოეთს მიენიჭება. მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერებისა და მუშახელის კლების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური კრიზისის თავიდან არიდების მიზნით სპეციალისტები ჩინეთის ხელისუფლებას განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში ძირეული რეფორმების გატარებას, ასევე, საპენსიო სისტემის ცვლილებას ურჩევენ.

კომენტარები

ბოლო ამბები