Thumbnail

ალასკაზე ნაპოვნი ვენეციური მინის მძივები იქ კოლუმბამდელ ეპოქაში მოხვდა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ალასკის უნივერსიტეტის ჩრდილოეთის მუზეუმსა და აშშ-ის სახელმწიფო მიწების მართვის ბიუროში მომუშავე მკვლევრების განცხადებით, აღნიშნულ შტატში მდებარე სამ სხვადასხვა არქეოლოგიურ ზონაში აღმოჩენილი მძივის მარცვლები ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ კოლუმბამდელ პერიოდში მოხვდა. გამოცემაში American Antiquity გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორები ირწმუნებიან, რომ ცისფერი შეფერილობის მინის სამკაულები იტალიაშია დამზადებული, რაც მათ ამერიკის კონტინენტზე სახმელეთო გზით ჩატანილ უძველეს ევროპულ ნივთებად აქცევს.

ნახეთ: პომპეიში ნახატებით გაფორმებული უძველესი სწრაფი კვების ობიექტი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა ჩრდილოეთ ალასკის ტერიტორიაზე 2004-2005 წლებში წარმოებული გათხრებისას ვენეციური მინის ნაკეთობებთან ერთად სპილენძის სამაჯურებს, საყურეებსა და ლითონის სხვა ნივთებსაც მიაკვლიეს. მათ შორის იყო მცენარის ბოჭკოსგან, სავარაუდოდ, ტირიფის ქერქისგან დამზადებული ბაწარიც, რომლის გამოკვლევამაც სპეციალისტებს მძივის დათარიღების საშუალება მისცა. მათ სამკაული მას-სპექტრომეტრით შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ის ალასკაზე 1440-დან 1480 წლამდე დროის შუალედში უნდა მოხვედრილიყო, რაც კოლუმბის მოგზაურობას სულ მცირე 12 წლით უსწრებს წინ.

ალასკაზე აღმოჩენილი სამკაულები. ფოტო: American Antiquity 

ნაშრომის ავტორთა თქმით, მე-15 საუკუნით დათარიღებული იტალიური მძივები ჩრდილოეთ ამერიკაში ვაჭრებმა ჩაიტანეს, რომლებიც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ აბრეშუმის გზაზე გადაადგილდებოდნენ. მეცნიერთა მიერ წარმოდგენილი მარშრუტის მიხედვით, მათ ჯერ რუსეთის უკიდურესი აღმოსავლეთ რეგიონი გადალახეს, რომლის უდიდეს ნაწილს ციმბირი იკავებს, შემდეგ კი ბერინგის სრუტე გადაკვეთეს და ალასკამდე მივიდნენ.

თურქეთში 2,500 წლის წინ აშენებული აფროდიტეს ტაძრის ნანგრევები აღმოაჩინეს

ახალი კვლევა მოწმობს, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრებ ადამიანებს დანარჩენ მსოფლიოსთან, კონკრეტულად კი ევროპასთან, გარკვეული სახის კავშირი იმაზე ადრე ჰქონდათ, ვიდრე აქამდე გვეგონა. ამან, შესაძლოა, ჩვენს მიერ ამ კონტინენტის ისტორიის აღქმა მთლიანად შეცვალოს.

კომენტარები

ბოლო ამბები