Thumbnail

WHO: ნაკლებად სავარაუდოა, კორონავირუსი უხანის ლაბორატორიიდან გავრცელებულიყო

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ კორონავირუსის წარმომავლობის შესწავლის მიზნით ჩინეთში გაგზავნილი მეცნიერთა ჯგუფის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ COVID-19 ქალაქ უხანში მდებარე ლაბორატორიიდან გავრცელებულიყო. აღნიშნულ განცხადებას სპეციალისტები ხუბეის პროვინციაში 28-დღიანი მისიის ფარგლებში ჩატარებული კვლევების საფუძველზე აკეთებენ.

► მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლები ჩინეთში არ შეუშვეს

აქამდე არსებული ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, პანდემია სწორედ ქალაქ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის კუთვნილი ლაბორატორიიდან გავრცელდა, სადაც მეცნიერები SARS-CoV-2-ის მსგავსი გენეტიკის მქონე ვირუსის შესწავლით იყვნენ დაკავებული. ჩინეთის ხელისუფლება აღნიშნულ ვარაუდს კატეგორიულად უარყოფდა და კორონავირუსის წარმოშობის ადგილის შესახებ საზოგადოებას განსხვავებულ თეორიებს სთავაზობდა. საბოლოოდ, აზიის ამ სახელმწიფოს წარმომადგენელთა მოსაზრება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შეკრებილმა მეცნიერთა ჯგუფმაც დაადასტურა. სპეციალისტებმა დაწესებულება საგულდაგულოდ დაათვალიერეს და იქიდან ვირუსის გაჟონვის შესაძლებლობა თითქმის მთლიანად გამორიცხეს.

ქალაქ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის კუთვნილი ლაბორატორია. ფოტო: Hector Retamal 

მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელის, პიტერ ბენ ემბარეკის განცხადებით, მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ახალი კორონავირუსი თავდაპირველად ღამურებში გაჩნდა, რის შემდეგაც ის პანგოლინებსა და ბამბუკის ვირთხებში გავრცელდა. მისი ვარაუდით, ვირუსი ადამიანებს სწორედ ამ ძუძუმწოვრებისგან გადაედო. მეორე მოსაზრების თანახმად, ინფიცირების წყარო შესაძლოა უხანში მდებარე ზღვის პროდუქტების ბაზრობაზე გასაყიდად გატანილი ცხოველის გაყინული ხორცი ყოფილიყო. როგორც ამ დრომდე მიიჩნეოდა, 2019 წლის 12 დეკემბერს COVID-19-ით დაავადების პირველი ფაქტი სწორედ აქ გამოვლინდა, თუმცა კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ქალაქში კორონავირუსი ერთ-ერთ ადგილობრივს ამაზე ადრე, 8 დეკემბერს დაუდასტურდა. აღსანიშნავია, რომ ინფიცირებულს ბაზართან შეხება არ ჰქონია.

► უხანში გარეული ცხოველების საკვებად გამოყენება 5 წლით აიკრძალა 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ქალაქ უხანში კორონავირუსის წარმოშობის გამოსაკვლევად მეცნიერთა ჯგუფის გაგზავნის მიზნით ჩინეთთან მოლაპარაკებებს გასული წლის მაისის შემდეგ მართავდა. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელმა გაერთიანებული ერების სპეციალიზებული სააგენტოს მიერ გაგზავნილი დელეგაციის წევრებს მიმდინარე წლის დასაწყისში ქვეყანაში შეშვებაზე უარი განუცხადა, თუმცა ხუბეის პროვინციაში ჩასვლა სპეციალისტებმა მოგვიანებით მაინც მოახერხეს. მათი აზრით, უხანში ჩატარებული კვლევები და იმის გაგება, თუ საიდან და როგორ მოხვდა კორონავირუსი ადამიანის ორგანიზმში, შესაძლოა, მომავალში პანდემიის თავიდან აცილებაში დაგვეხმაროს.  

კომენტარები

ბოლო ამბები