Thumbnail

მდედრი ჟირაფები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, როცა მეგობრები ჰყავთ

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

შვეიცარიის ქალაქ ციურიხის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ამერიკელ კოლეგებთან ერთად ხუთწლიანი პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ მდედრი ჟირაფები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, როდესაც მეგობრები ჰყავთ. ამის შესახებ მოთხრობილია ნაშრომში, რომელიც ლონდონის სამეფო საზოგადოების გამოცემაში გამოქვეყნდა.

► მამრი ბაბუინები, რომლებიც მდედრებთან მეგობრობენ, უფრო დიდხანს ცოცხლობენ

კვლევის მიზანი იმის გარკვევა იყო, თუ რა გავლენას ახდენს ჟირაფების სიცოცხლის ხანგრძლივობაზე სხვადასხვა ფაქტორი, მაგალითად, მათი სოციალური ცხოვრება, გარემოპირობები და სხვა. ამის დასადგენად მეცნიერებმა ტანზანიაში მდებარე ტარანგირის რეგიონში მობინადრე ცხოველებზე დაკვირვების დროს შეგროვებული მონაცემები გამოიყენეს. ამ ტერიტორიაზე ჟირაფების მრავალი სოციალური ჯგუფი შეინიშნება, რომელთაგან თითოეული დაახლოებით 60-დან 90-მდე მდედრობითი სქესის ინდივიდს აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ ისინი, თავისივე სახეობის მამრი წარმომადგენლებისგან განსხვავებით, რომლებიც მეგობრებს ხშირად ტოვებენ და ზოგჯერ იზოლირებულადაც ცხოვრობენ, სტაბილური ურთიერთობებით გამოირჩევიან.

მდედრი ჟირაფები, თავისივე სახეობის მამრი წარმომადგენლებისგან განსხვავებით, უფრო სტაბილური ურთიერთობებით გამოირჩევიან. ფოტო: Derek Lee

ცხოველებზე დაკვირვებისას მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ჟირაფების სოციალური ჯგუფის შემადგენლობა ზოგჯერ დღეში რამდენჯერმე იცვლება. მკვლევართა განცხადებით, ამაში მდედრებს ნაკლები წვლილი მიუძღვით, ვინაიდან ისინი უფრო მყარი კავშირებისკენ არიან მიდრეკილნი. ამის გარდა, სოციალური ცხოვრება ამ უკანასკნელთა გადარჩენის შანსს ზრდის და შესაბამისად, მათ სიცოცხლის ხანგრძლივობაზე დადებითად აისახება. უფრო მეტიც, მდედრი ჟირაფებისთვის კომუნიკაცია იმაზე ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ხელსაყრელი გარემოპირობები. როგორც ცნობილია, მათთვის ბრაკონიერების გარდა ყველაზე დიდ საფრთხეს საკვების ნაკლებობა, დაავადებები და სტრესი წარმოადგენს. სპეციალისტების თქმით, მდედრი ჟირაფები მეგობრებთან ერთად საკვებს უფრო ადვილად აგნებენ, ასევე, მტაცებლებისა და დაავადებებისგან გადარჩენის მეტი შანსი აქვთ.

► ნახეთ: აფრიკაში ჯუჯა ჟირაფები აღმოაჩინეს

სიცოცხლის ხანგრძლივობაზე სოციალიზაციის დადებითი გავლენა აქამდე არაერთი ცხოველის მაგალითზე დამტკიცებულა. მათ შორის არიან მაიმუნები, ცხენები, დელფინები, ცელნამგალა ვეშაპები და სხვა. ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა ბაბუინების სოციალური ქცევაც შეისწავლეს და დაადგინეს, რომ მამრი ინდივიდები, რომლებიც მდედრებთან მყარ მეგობრულ კავშირს ამყარებენ, თავისი სახეობის სხვა წარმომადგენლებთან შედარებით, უფრო დიდხანს ცოცხლობენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები