Thumbnail

მეცნიერთა თქმით, ქალაქები წონის მატებასთან ერთად თანდათან წყალში იძირება

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიურ სამსახურში (USGS) მომუშავე მეცნიერის, ტომ პარსონსის განცხადებით, ზღვის დონის მატებასთან ერთად, ქალაქების წყალში ჩაძირვას მათი წონის ზრდაც განაპირობებს. ნაშრომი, რომელშიც დედამიწის ქერქზე ურბანიზაციის გავლენის შედეგებზეა მოთხრობილი, სამეცნიერო გამოცემაში AGU Advances გამოქვეყნდა.

► ზღვის დონე იმაზე სწრაფად იმატებს, ვიდრე აქამდე გვეგონა

იმის საჩვენებლად, თუ როგორ აისახება ურბანული განვითარება ჩვენი პლანეტის გარე, მყარ გარსზე, რომელიც ლითოსფეროს სახელითაა ცნობილი, ტომ პარსონსს აშშ-ის კალიფორნიის შტატში მდებარე ქალაქ სან ფრანცისკოს მაგალითი მოჰყავს. წყნარი ოკეანის სანაპიროსთან გაშენებული ამ დასახლებული პუნქტის წონა ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა, რაც მის ქვეშ არსებული ნიადაგის 80 მილიმეტრით დაწევას გამოიწვევს. ამის გარდა, აღსანიშნავია, რომ მეცნიერები 2050 წლისთვის აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ, სან ფრანცისკოს ყურედ წოდებულ რეგიონში, სადაც ზემოხსენებული ქალაქი მდებარეობს, საერთო ჯამში ზღვის დონის 300 მილიმეტრით მომატებას პროგნოზირებენ.

აშშ-ის კალიფორნიის შტატში, წყნარი ოკეანის სანაპიროსთან გაშენებული ქალაქი სან ფრანცისკო.

ტომ პარსონსის განცხადებით, სან ფრანცისკოს ყურეში, სადაც ამ დროისთვის დაახლოებით 7,75 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, შენობების საერთო წონა 1,6 ტრილიონ კილოგრამს შეადგენს. მისი თქმით, ეს სრულიად საკმარისია ურბანული ცენტრის ქვეშ არსებული დედამიწის ქერქის მნიშვნელოვნად დასაწევად. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ გეოფიზიკოსს გამოთვლების დროს სატრასპორტო ინფრასტრუქტურის, სატრანსპორტო საშუალებებისა და მაცხოვრებლების წონა არ გაუთვალისწინებია. ამ დროისთვის რეგიონში ყველაზე მძიმე ნაგებობა სან ფრანცისკოს საერთაშორისო აეროპორტია, რომელიც მეცნიერის განცხადებით, ყოველწლიურად ლითოსფეროს 4 მილიმეტრით დაწევას განაპირობებს.

► ამ რუკით გაიგებთ, რა იყო თქვენი ქალაქის ადგილზე მილიონობით წლის წინ

სპეციალისტის ვარაუდით, სან ფრანცისკოს მსგავსი საფრთხის წინაშე, შესაძლოა, მსოფლიოს სხვა ქალაქებიც იმყოფებოდნენ, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ადამიანთა დიდი ნაწილი სანაპირო ზოლის გასწვრივ ცხოვრებას ამჯობინებს. ტომ პარსონსის განცხადებით, ლითოსფეროზე ურბანიზაციის გავლენის უკეთ შესასწავლად, ასევე, ზღვის დონის მატების გამო მოსალოდნელი წყალდიდობების პროგნოზირებისთვის სატელიტური სურათების დეტალური ანალიზია საჭირო.

კომენტარები

ბოლო ამბები