Thumbnail

კვლევის თანახმად, ქრისტეს მოციქულის ნაშთები სინამდვილეში მას არ ეკუთვნის

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

სამხრეთ დანიის უნივერსიტეტსა და ნიდერლანდებში მდებარე გრონინგენის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა, იტალიელ და ბრიტანელ კოლეგებთან ერთად, იესო ქრისტეს თორმეტი მოციქულიდან ერთ-ერთის, იაკობ ალფესის ნაშთები შეისწავლეს. კვლევამ აჩვენა, რომ ბარძაყის ძვლის ფრაგმენტი სინამდვილეში არა აღნიშნულ წმინდანს, არამედ მასზე 160-240 წლით ადრე მცხოვრებ ადამიანს ეკუთვნის. ნაშრომი, რომელშიც ამის შესახებაა მოთხრობილი, გამოცემაში Heritage Science გამოქვეყნდა.

არქეოლოგებმა, სავარაუდოდ, ქრისტეს ჯვარცმისას გამოყენებული ლურსმანი აღმოაჩინეს

ბარძაყის ძვლის ფრაგმენტი, რომელიც 1500-ზე მეტი წლის განმავლობაში მოციქულ იაკობ ალფესის წმინდა ნაწილებად მიიჩნეოდა, ფილიპე მოციქულის წვივისა და ტერფის ნაშთებთან ერთად იტალიის დედაქალაქ რომში მდებარე სანტი აპოსტოლის ბაზილიკაში ჯერ კიდევ მე-6 საუკუნიდან ინახება. მეცნიერებმა ქრისტიანული რელიკვიის ზუსტი ასაკის დადგენა გადაწყვიტეს, რისთვისაც რადიონახშირბადული დათარიღების მეთოდი გამოიყენეს. აღმოჩნდა, რომ მთელი ეს დრო კათოლიკურ ტაძარში იმ უცნობი ადამიანის ძვალს მიაგებდნენ პატივს, რომელიც ახალი წელთაღრიცხვით 214-დან 340 წლამდე პერიოდში ცხოვრობდა. რაც შეეხება ფილიპეს ნაშთებს, დაზიანებების გამო მათი სათანადო შესწავლა ვერ მოხერხდა.

მეცნიერთა მიერ შესწავლილი ნაშთები

ბარძაყის ძვლის ფრაგმენტი, რომელიც ამ დრომდე იაკობ ალფესის წმინდა ნაწილებად მიიჩნეოდა.
ფოტო: Kaare Lund Rasmussen

მეცნიერთა მიერ შესწავლილი ნაშთები

ფილიპე მოციქულის ტერფის ძვლად მიჩნეული ფრაგმენტი.
ფოტო: Kaare Lund Rasmussen

ნაშრომის ავტორები აღნიშნავენ, რომ კათოლიკურ ეკლესიებში არაერთი მსგავსი რელიკვია ინახება, მათ შორის, იესო ქრისტეს მოწაფეების, წმინდანებისა თუ წამებულთა სხეულის ნაწილები. მორწმუნეები ნაშთებს სამარხებიდან იღებდნენ და ტაძრებში გადაჰქონდათ. მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებით მე-4 საუკუნიდან გახშირდა, მას შემდეგ, რაც რომის იმპერიაში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. მკვლევართა განცხადებით, სწორედ ასე მოხვდა ზემოხსენებული ძვლები სანტი აპოსტოლის ბაზილიკაში .

ნახეთ: ნაზარეთში აღმოჩენილი ნანგრევები, შესაძლოა, იესო ქრისტეს სახლი იყოს

მეცნიერებისთვის უცნობია, საიდან, როდის და ვინ ჩაიტანა მოციქულთა წმინდა ნაწილებად მიჩნეული ძვლები იტალიაში. ასევე, გაურკვეველია, ვის ეკუთვნის ბარძაყის ფრაგმენტი, რომელიც ამ დრომდე იაკობ ელფესის სახელს უკავშირდებოდა. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ საუკუნეების განმავლობაში მისი ერთი ადგილიდან მეორეში გადატანის პროცესში გაუთვალისწინებელი შეცდომა მომხდარიყო. სრულიად შესაძლებელია ისიც, რომ ის რომელიმე ქრისტიანის საფლავიდან აეღოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები