Thumbnail

ნახეთ: შშმ თევზი, რომელიც სამაშველო ჟილეტის დახმარებით დაცურავს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

დიდ ბრიტანეთის ქალაქ ვულვერჰემპტონში მდებარე ცხოველთა თავშესაფარში მომუშავე სტეისი ო'შიმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ოქროს თევზისთვის სამაშველო ჟილეტი დაამზადა, რომლის მეშვეობითაც მას ცურვა კვლავ შეუძლია. ვიდეო, რომელშიც წყლის ბინადარი აკვარიუმში სპეციალური აღჭურვილობის დახმარებით გადაადგილდება, სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.

► ნახეთ: თევზს, რომელმაც ყველა მეგობარი შეჭამა, დაბადების დღე გადაუხადეს

ოქროს თევზმა ცურვის უნარი მას შემდეგ დაკარგა, რაც ამისთვის საჭირო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორგანო, საცურავი ბუშტი დაუზიანდა. აღსანიშნავია, რომ მასში აირი რეფლექსურად იცვლება, შესაბამისად, ცხოველის წონა ხან იმატებს, ხან იკლებს, რაც ამ უკანასკნელს წყალში ჩაძირვასა და მის ზედაპირზე ამოტივტივებაში ეხმარება. სპეციალისტების თქმით, საცურავი ბუშტის ამგვარი დაავადება, შესაძლოა, დაბინძურებულმა წყალმა, არასწორმა კვებამ და სტრესმა, ასევე, ორგანოს სითხით ავსებამ გამოიწვიოს.

 

პატრონმა ოქროს თევზი აკვარიუმის ფსკერზე ამოტრიალებული შენიშნა და დახმარებისთვის ვულვერჰემპტონში მდებარე ცხოველთა თავშესაფარს მიმართა. იქ მომუშავე სტეისი ო'შიმ კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე წყლის ბინადრისთვის სპეციალური ჟილეტის დამზადება გადაწყვიტა, რისთვისაც მან პლასტმასის პატარა მილები გამოიყენა. ამ უკანასკნელზე სიმძიმის დამატების ან მოკლების შემთხვევაში, თევზს აკვარიუმის სხვადასხვა დონეზე ცურვა შეუძლია.

► ნახეთ: ამერიკელმა მეცნიერებმა რობოტი-კალმარი შექმნეს

ბრიტანელი სტეისი ო'ში ერთადერთი არ არის ვინც შშმ თევზისთვის სამაშველო ჟილეტი დაამზადა. მსგავსი რამ თავისი 5 წლის წყლის ბინადრისთვის აშშ-ის მასაჩუსეტსის შტატში მცხოვრებმა მამაკაცმაც გააკეთა. ტექსასის შტატის ქალაქ სან ანტონიოში კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ოქროს თევზისთვის სპეციალური ეტლი შექმნეს.

კომენტარები

ბოლო ამბები