Thumbnail

მეცნიერებმა 1,2 მილიონი წლის წინ მცხოვრები მამონტის დნმ აღადგინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში მდებარე პალეოგენეტიკის ცენტრში მომუშავე მეცნიერებმა სხვადასხვა ქვეყნის კვლევით დაწესებულებებში მოღვაწე კოლეგებთან ერთად 1,2 მილიონი წლის წინ მცხოვრები მამონტის დნმ აღადგინეს. მთელ მსოფლიოში აქამდე გაშიფრულ მსგავს ნიმუშებს შორის უძველესად სწორედ ეს უკანასკნელი მიიჩნევა. გამოცემაში Nature გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორთა განცხადებით, გენეტიკური მასალის ანალიზმა სპილოსებრთა ოჯახში შემავალი სრულიად უცნობი სახეობა გამოავლინა.

უკანასკნელმა მამონტებმა მუტაციის გამო ყნოსვის უნარი დაკარგეს

ამ უზარმაზარი პრეისტორიული ცხოველების გენეალოგიასთან დაკავშირებით მეცნიერებს ჯერ კიდევ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა აქვთ. ცნობილია, რომ ცივი კლიმატის მქონე ადგილებში მობინადრე ბეწვიანი მამონტები დაახლოებით 4 ათასი წლის წინ გადაშენდნენ, ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელებული კოლუმბიური სახეობის წარმომადგენლები კი - 11,500 წლის წინ, თუმცა ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში თანაცხოვრობდნენ. რაც შეეხება მათ საერთო წინაპარს, აქამდე მიიჩნეოდა, რომ ეს ე.წ სტეპის მამონტი იყო, რომელმაც არსებობა 200 ათასი წლის წინ შეწყვიტა. მის შესახებ მეტის გასაგებად მკვლევრებმა სამუზეუმო კოლექციაში არსებული უძველესი კბილების შესწავლა გადაწყვიტეს, რამაც ისინი ახალ აღმოჩენამდე მიიყვანა.

ახალაღმოჩენილი სახეობის, კრესტოვკას მამონტის კბილი. ფოტო: Nature

სამი კბილიდან ამოღებული დნმ-ის გამოკვლევამ აჩვენა, რომ ერთი 700 ათასი წლის წინ მცხოვრებ ბეწვიან მამონტს ეკუთვნის, დანარჩენი ორი კი მილიონზე მეტი წლით დათარიღდა. მათგან უძველესის, 1,2 მილიონი წლის წინანდელი ნიმუშის შესწავლამ ცხადყო, რომ ის აქამდე უცნობი მემკვიდრეობითი ხაზის მქონე, კრესტოვკას მამონტად წოდებული ძუძუმწოვრის ნაშთია. შედარებითი ანალიზის საფუძველზე მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ სწორედ ისინი წარმოადგენენ უშუალო წინაპრებს კოლუმბიური სახეობისთვის, რომელიც, ნაშრომის ავტორთა მოსაზრებით, მათი და ბეწვიანი მამონტების ჰიბრიდი შთამომავლობაა.

მექსიკაში მშენებარე აეროპორტის ტერიტორიაზე მამონტის ძვლები აღმოაჩინეს

მნიშვნელოვანია ისიც, რომ სიძველით მეორე ადგილზე მყოფი კბილი სტეპის მამონტების მსგავსი დნმ-ის მქონე ადიჩას სახეობის ცხოველს ეკუთვნის, რომელიც ბეწვიანი მამონტების წინაპარია. მათი გენეტიკური ნიმუშების შედარებამ მეცნიერებს ამ ძუძუმწოვრებზე მეტის გაგების საშუალება მისცა. მაგალითად, იმის, რომ მკაცრი სიცივის პირობებთან შესაგუებლად საჭირო თვისებები მათ ეტაპობრივად უყალიბდებოდათ. ნაშრომის ავტორები იმედოვნებენ, რომ მომავალში უფრო ძველი დნმ-ის აღდგენასაც შეძლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები